პრომეთე / დამოუკიდებლობის 25 წელი

შემომაყარეს კისერზე თბილი,
მსუყე და მლაშე, ცისფერი თესლი
და ჩაიკვანძა წელზე ტკივილის
გააფთრებული, წითელი ფესვი.
ხოლო ნემსები ლავიწს წუწნიან,
ემუქრებიან ძვლების კანიონს.

გუშინ ასეთი რამე მესიზმრება: ბნელ სივრცეში ჩაყრილია ბევრი საჭმელი. ისე ბნელა, რომ აზრზე არ ვარ რა საჭმელია, მაგრამ სუნით ვხვდები. მგონი ხორცი, ან თევზი, ან მოხარშული ბოსტნეული. თბილი სუნი დგას. კომბოსტოსი. არც ის ვიცი სადამდე ვრცელდება ეს სიბნელე, ან სივრცე. არც ის ვიცი აქ რატომ ვარ. მოკლედ, რაც ვიცი უკვე გითხარი. ვდგავარ საჭმელზე. სიარულს აზრი არ აქვს. ბავშვობაში ნასწავლი რუსული იგავი მახსენდება, ორი ბაყაყი რომ არაჟნის ქოთანში ამოყოფს თავს. ერთი იფიქრებს, მოძრაობას აზრი არ აქვსო. გაჩერდება. ჩაიძირება არაჟნის ჭაობში და გაიგუდება. მეორე კი ფართხალებს, ფართხალებს, სანამ არაჟანი (ან შეიძლება, ერბო) არ გასქელდება და კარაქად იქცევა. მერე ამოხტება და გადარჩება. მოკლედ, მთელი არსი იმაში მდგომარეობს, რომ ყოვლად უიმედო შემთხვევებშიც კი, მოძრაობას აზრი აქვს. აქვე მახსენდება "სტრიპტიზი". მაგრამ განსხვავება იმ ბაყაყებსა და ჩემ შორის ის არის, რომ მე მარტო ვარ. ისინი ორნი იყვნენ. მეორეც, ისინი დაახლოებით მაინც ხვდებოდნენ სად მოხვდნენ და რა გარემოებებში. მე კი წარმოდგენაც არ მაქვს.

მოკლედ, მოძრაობას აზრი არ აქვს. ამიტომ ვჯდები, ვიღებ გაურკვეველი სახის საჭმელს და ვჭამ. გემოთიც ვერ ვხვდები რა არის. არანაირი პროტესტის ფორმა, შიმშილობა. არც "უნებლიე შიმშილობა, რომელიც არ არის პროტესტის ფორმა."

მახსენდება ჩიპსები და პეპსი. და მათი პოვნის იმედით ვიწყებ ხელების ფათურს. საიდანღაც უცებ კაშკაშა სინათლე იჭრება და... გარშემორტყმული ვარ ოქროსფერ სითხეში მოტივტივე კიბორჩხალებით. გვერდით კი, მძინარე ვენერა წევს და ძილშიც კაი პრესი აქვს.

დილით ჩვეულებრივზე გვიან მეღვიძება. დღეს ფილოსოფიის კურსის შეხვედრაა. საღამოს, სპექტაკლი. სახლში ახლადგამომცხვარი ბისკვიტის სუნი დგას.

ვდგები. ვიცმევ. მივდივარ.

რა რთული იქნებოდა ცხოვრება ლამაზი რომ ვიყო. ყოველ დილით იმაზე უნდა მემტვრია თავი, რა ჩამეცვა. გასასვლელთან ვარ. ვიყურები სარკეში (ისტორია ცხადყოფს, რომ ტუჩის კუთხეში კბილის პასტით არაერთხელ მიმგზავრია). თეთრი პერანგის მიღმა ბუნდოვნად ჩანს მონაცრისფრო წრე. იმედი მაქვს, რომ მკერდზე არავინ დამაკვირდება.

გარეთ შემოდგომაა. ეს ნიშნავს ოდნავ სიცივეს, ჟაკეტის ჩაცმის ნაწილობრივ აუცილებლობას, ვუდი ალენის ფერებს სოლოლაკში და ელექტრონულ სკოლის ზარს. ასევე, იმას, რომ დროებითმა ფრინველებმა უკვე გასწიეს თბილი ქვეყნებისკენ.

ოფისში არავინაა. ვრთავ ლისტს და ტრადიციულად ვცდილობ ვინმეს მოსვლამდე მოვასწრო ხუთი დაუჯერებელი ამბის მოფიქრება. - https://youtu.be/u5_121b_bQ8

პრომეთე / დამოუკიდებლობის 25 წელი

რეჟისორი: დათა თავაძე.
ავტორი: დავით გაბუნია და დათა თავაძე.
მხატვარი: ქეთი ნადიბაიძე.
რეჟისორის ასისტენტი: გურამ ღონღაძე.
მთავარ როლებში: პაატა ინაური, კატო კალატოზიშვილი, მაგდა ლებანიძე, გიორგი ყორღანაშვილი, გიორგი შარვაშიძე, ქეთა შათირიშვილი, გაგა შიშინაშვილი და იაკო ჭილაია.

სპექტაკლი ერთ მოქმედებად.
ანტრაქტი არ არის. შესაბამისად, ვერც მოწევ, ვერც დალევ, ვერც "ფეხს გაშლი" ან სუფთა ჰაერზე გახვალ. სტრინდბერგის ლოგიკა.

ალილუია!

სპექტაკლის მთავარი თემა:
ჯერ-ჯერობით არ მესმის რომელია მთავარი თემა. დამოუკიდებლობის აბსურდლობა (გაიხსენე / დაივიწყეს ტანდემი); ისტორიები დაჭრილ სხეულსა და დამფრთხალ კუნთებზე; განაწილება - ტკივილის, გულისცემის, პასუხისმგებლობის, მალიორკას, შვილის, სიამოვნების..; თავგანწირვა ადამიანების მოდგმისთვის; სიმამაცის არარსებობა და სიფრთხილის კანონები; თეატრი; ომი, ბრძოლა და მისი უხერხულობა; ტუალეტისკენ მიმავალი, ნათესავებს შორის მიკლაკნილი გზის უცნაურობანი; ცალკცეული მტკიცებები და არსებობის არადრამატული, სუსტი პოეზია; დროის ირონია და ბუნების მბრუნავი ხასიათი; თავიდან დაბადება და მეათასედ სიკვდილი; წამება.

პიესა გავიწროებს, მჭიდროდ გხვევს დასუსტებულ, ავადმყოფ თითებს. ეს თითები იმხელაა, რომ ორჯერ შემოგეხვევა. იდაყვებზე ვგრძნობ მათ სახსრებს შორის ჩაგუბებულ ლიმფას. თითის წვერები ლავიწებთან ჩერდებიან. ცოტა ხანი იცდიან. მერე გარდაუვალი სიმტკიცით ნელა, ძალიან ნელა შედიან ლავიწის ძვლებში. კაწრავენ ყვითელ ჩონჩხს და დაავადებასავით ვრცელდებიან შენს ყელსა და ხერხემალში. გინდა გული აგერიოს. მაგრამ დაბერილი ფილტვები სკდებიან ნეკნებქვეშ. აი, ეს არის სპექტაკლი - დამოუკიდებლობის 25 მეტასტაზი.

თავაძის მსახიობები მაღალი და ცივი ქანდაკებებიდან მოულოდნელიად ბოლომდე შეღწევად მღვიმეებად იქცევიან და სიბნელის სიშიშვლით ცდილობენ შენში განსხეულებას. თავაძე სწორედ ამ მწვანე მღვიმეების მეშვეობით ღრიალებს. შენ არაფერი ხარ. შენ არაფერი იცი. გგონია ლოგიკა დაიჭირე? გგონია რაღაცას მიხვდი? არარაობავ. (იცინის. ხარხარებს.) არარაობავ! შენი სიცოცხლე მტვრიანი კენჭია. ბაყაყის ავადმყოფი თათი. სრულიად ფერმკრთალი ჩვარი წითლად აბრდღვიალებულ ცეცხლოვან ბაირაღებში! ა-რა-რა-ო-ბავ! ეხლაც არ გესმის. ისეთი სახით ზიხარ, თითქოს შენ აფასებ, თითქოს შენთვის დაიდგა, თითქოს აღიქვამ. და მაინც, ერთ აზრსაც ვერ წვდები. ენოტივით დგახარ და ტაშს უკრავ. დედამიწელი ნაბიჭვრები. (ჩერდება. სუნთქავს.) თავაძე უფრო მეხსიერებადაკარგულ ჰადესს ჰგავს, ვიდრე - დედამოტყნლ პრომეთეს.

დათო გაბუნია კიდევ ერთხელ აცოცხლებს გვამებს. დანაღმულია მთელი სცენა. და თუ მაყურებელმა დროზე დატოვა დარბაზი... ეტყვიან, რომ ბეწვზეა გადარჩენილი, "რომ ვიღაც კაცს დაუძახებენ, რომელიც დიდ, შავ პარკში მოაგროვებს..."

წყალი და სიშიშვლე. ეს არის არსებობის ორი, პირველყოფილი ელემენტი. შავი ნაკერები სპექტაკლის ბოლომდე ასახიჩრებენ ყორღანაშვილს. დრეკადი ხერხემალი, ხელოვნური ინტელექტის დაძაბულ-მძიმე მოძრაობებს იმეორებს და მძაფრი ემოციით ეცემა ერთხელ, მეორედ, მესამედ იმ წყეულ ადგილას. ყველა ისტორიას გრძნობ. ყველაფერს ვგრძნობ. მუხლები მტკივა.

წყლად იღვრება კალატოზიშვილი. და საოცრებაა! სულით ხორცამდე საოცრებაა! თხემით ტერფამდე საოცრებაა! კედელთან უპასუხოდ მიგდებული წითელი კაბა, როგორც ნარჩენი ნანადირევის. ჩვენ მარტო იმაზე ვფიქრობთ, რაც გვგონია რომ ვიცით ან გვახსოვს. სამყაროზე უკიდეგანოდ მეტია უცნობი და დავიწყებული. ხარბად აცეცებენ თვალებს მანქანის მძღოლები, ეგებ მიხვდნენ რამდენი მოკვდა. ბავშვიც იყო? და კატო, მთელი სხეულით მფეთქავი გავარვარებული ვარსკვლავი, ავტომოპასუხეზე მისი ბოლო სიტყვები და, აფეთქების ხმა.

"ოდესმე თუ გქონია შეგრძნება, რომ მხოლოდ თვალები ხარ?"

ჩვენ მშვიდად ვპასუხობთ კითხვებს, რომელთაც არ აქვთ მნიშვნელობა. ზუსტად ესაა შენი ცხოვრება, ამქრალი პასუხები. გარბიხარ ყველგან, ყველაფრის მიმართულებით.

"ცუდი. ამბები. მოგწონს? მე. მომწონს." კედელზე დავარცხნილი თმასავით მორჩილად კიდია შათირიშვილი - თეთრი პერანგი, მკვდარი წერო და ჟღალი ვერცხლი. რაღაც კადრების სასაცილო ჩამონათვალი. სექსი, როგორც საკაიფო სამხილი. და მაგიდასთან გაშეშებული შარვაშიძე - "გამარჯობა. სახლში არ ვარ." შარვაშიძე და შათირიშვილი, როგორც მებრძოლი ბიჭი და მებრძოლი ვეფხვი, სანაპიროზე.

შიშინაშვილი გაბუტულ, ზორბა ბავშვს ჰგავს, რომელსაც წასვლა უნდა. სანამ სხვაგან წაიყვანენ. სანამ მკვლელობას აიძულებენ. სანამ მოკლულის შემოწმებას აიძულებენ. მერე კუთხეში მიღეჭილი, სრულიად შიშველი, დამფრთხალი ბავშვი. ზედმეტად მწიფე. ზედმეტად მძიმე. ჭილაია კი, ყველა მსხვერპლის ჩაკაწრული ხმა, დატოვებული ცოლი, ქმრიანი ქვრივი. ჭილაია ცოცხლად სს-ჭამს ჰაერს და სისს-ხლად აფრქვევს ყოფილი სიმსუბუქის დამძიმებულ ნაფლეთებს.

ლებანიძე - ნაყოფიერი შუაშუას მეორე გულისცემა. ბიჭის, დედაზე შემფრთხალი მზერა. ბიჭის, დედაზე შეფრთხიალებული მზერა.

ინაური - პრომეთეს ოთხი სიცოცხლე. ოთხივე ძლიერი.

პრომეთე - ჩემი 25 წელიწადი.

"როგორ გგონია, სრულიად რომ გავქრები, ჩრდილი მაინც მექნება?"





No comments:

Post a Comment

Followers

Blog Archive