the Man of Kansas


- ვწუხვარ.
- Mok-ს მშიერ მხრებზე ეზრდება კვირტი.
- ვწუხვარ.
- სახლში არ გახლავთ. ის გუშინ მოკვდა.
- ვწუხვარ.
- Mok-ს დედამისის შველას დაპირდით!
- ვწუხვარ.
- Mok-ი მივიდა მეორე Mok-თან.
- ვწუხვარ.
- სახლში ვარ. Mok-თან. ის წუხს. მე მესმის.
- ვწუხვარ.
- ქუჩაზე ზებრას უყურებს სპილო.
- ვწუხვარ.
- სრიალით ძარღვში შემოდის ნემსი.
- ვწუხვარ.
- და მზად ვარ სისხლი ამოვიყივლო.

ეზოში ვდგავარ ლუქჯი ქურთუკით, რომელსაც ვიღაც სხვისი სუნი აქვს.
ავდივარ კიბეზე. ოთახში სხედან.
ვჯდები. ვუყურებ. Mok-ი წუხს. ვუღიმი.

"წუხილი" არის ღია სივრცის ახალი სპექტაკლი. ჩემთვის ახალი.

ჩვენი ყველას სიცოცხლე მოსაწყენია, იმიტომ, რომ არსებობს ერთი სიცოცხლე, რომელიც არ არის მოსაწყენი და იმასთან შედარებით არის ჩვენი, ყველას სიცოცხლე მოსაწყენი და, ხანდახან, სასაცილოც. ზოგს მამა უკვდება, ზოგს სახლიდან აგდებენ. ზოგი თვითონ მიდის. ზოგს პირიქით, არ უშვებენ. რაზე ფიქრობენ გვამები მორგში?

მე ადრე ძალიან მინდოდა მცოდნოდა ისეთი რამ, რაც სხვამ არავინ იცოდა. მაგალითად, რა იქნებოდა სიკვდილის შემდეგ. ან ის, რა იყო დაბადებამდე. მერე დავფიქრდი და მივხვდი, რომ არაფერი ყოფილა და არც არაფერი იქნება. რომ ჩემი არსებობის მერე წყვეტს ყველაფერი არსებობას. და ის, რომ მე არ ვიარსებებ, გაცილებით კარგია, ვიდრე ის, სულ რომ მეარსება. რაზე საუბრობენ გვამები მორგში? გვამები ჩვენ არ გვგვანან? ზოგი ახალგაზრდაა, ზოგი მოლურჯო, ზოგი კატლეტივითაა გაჭყლეტილი. ზოგს თირკმელი აკლია, ზოგს - თვალი. გვამებისგან მხოლოდ ენერგია განგვასხვავებს. გვამები ენერგიას ისრუტავენ, ჭამენ და თუ არ დამარხავ, სულ შეიწოვენ ყველას ენერგიას. ცოცხლები ენერგიას ასხივებენ. დაახლოებით ისე არიან, როგორც მცენარეები: დღე ჟანგბადს გამოყოფენ, ღამით კი - პირიქით. - Mok-ს მშიერ მხრებზე ეზრდება კვირტი.

სპექტაკლი გვიყვება სხვადასხვა გვამების შესახებ.

წუხილი არის საკუთარ ბედზე წუხილი. როცა ბედი არ არსებობს. ჩვენ ვწუხვართ აწმყოს შესახებ. ვწუხვართ, რომ ვერ ვნახეთ, არ გვიყვარდა, ვერ მოგვიშინაურეს, არ მიგვიკარეს, არ მოგვწონდა სხეული, თმა (ხელებსა და მკერდზე), სიცივე, სიცხე. ვწუხვართ, რომ არ გვაპატიეს, რომ არც გვითხოვია. ვწუხვართ, რომ ასეთია ცხოვრება, ხალხი. ხალხია ჩვენთვის განსაკუთრებით სამწუხარო, იმიტომ, რომ ეს ხალხი გვიყურებს, გვინდა თუ არა. და ჩვენც იძულებულნი ვართ ვუყუროთ და მივბაძოთ მათ რწმენას, წესებს, ჩვევებს, სხეულის ენას, მიმიკებს, აზრებს. და ბოლოს, ხალხი აღარ გვაღიზიანებს, არამედ უბრალოდ გვაწუხებს. და ვწუხვართ ჩვენთვის.

ზუსტად პატარა, სამწუხარო ისტორიებია ჩვენი სიცოცხლეები.

სპექტაკლი ცდილობს აბსურდული ამბებივით გადმოსცეს მოწყენილი ყოველდღიურობის ხიბლისგან დაცლილი მიმდინარეობა. ეს არც უცნაურია, არც საშიში. იმიტომ, რომ ზუსტად ეს არის ის, რასაც ყოველ საღამოს გრძნობ. ამას უკვე შეეჩვიე. ამაზე უკვე სწუხდი. და მორჩა.

მაშინ, როცა გაფატრული მუცლიდან ნელა გადმოდის ხელოვნური ყვავილების ნაჭრის-სუნიანი თაიგული, შენსავით დაღლილი ჯოხი გეყრდნობა მხარზე და რა უბრალო, და მარტივია ყველაფერი! შენი სახელიც. ხელებიც. ყოფნაც.

საფეთქლებზე სიცხეს გრძნობ და გულის მარცხენა პარკუჭში იზრდება კვირტი.

სპექტაკლი შეიძლება პოეზიას ჰგავდეს. რადგან არაფერია უფრო პოეტური, ვიდრე წუხილი, როგორც წითელი მარწყვი.


სველმა ტილომ გაისრიალა გრძელ ტერფებქვეშ.

Mok-ი ჩემი მეგობარია.

Followers

Blog Archive