(პირველი ნაწილი)
ჩემი ჩაის ჭიქა, სახელად ოლივერი, შიგნიდან სულ შავია. და ორი კბილი აქვს ჩამტვრეული. გარედან ლონდონის სასამართლოს კონტურები ახატია. ქვემოთ აწერია: "MADE IN ENGLAND". როცა შიგნით მძაფრად შედედებული შავი ჩაი არ ლაპლაპებს, ჩანს ჭიქის ფსკერი. საღებავაქერცლილი. და ნაფხაჭნები გადაჭრილი კუნძის წრეებად დაჰყვება. ცალ-ყურ-დაცქვეტილი ოლივერი ეხლა ჩემს წინ დგას და მელოდება როდის მოვრჩები წერას. საწერი ბევრია. საფიქრალი - უფრო მეტი. და ამ წერილის ბოლოს ოლივერი სავსე იქნება თითებიდან ამოღებული სევდით.
დილით ადრე მოვედი სამსახურში. ჭუჭრუტანიდან სინათლე გამოდიოდა. სახლში ვიღაც იყო. დავასკვენი, რომ ჯორჯი შიგნითაა. გამოვიძრე ყურსასმენები, შევიკარი ნახევრად გახსნილი ქურთუკი და დავრეკე ზარი. დღეს ცისფერ პერანგზე ჩემი ძმის ლურჯი ქვისფერი ჯემპრი მაცვია. კარს არავინ აღებს. ცოტა ხანი ველოდე და ისევ დავრეკე ზარი. მერე ჩავედი პირველ სართულზე და ავიღე გასაღები. სავარაუდოდ ოფისში არავინაა. და გუშინ ღამით ვიღაცას დარჩა შუქი.
მთელი დილა გულის რომელიღაც კარადის რომელიღაც უჯრას ჩუმად უხარია, რომ საღამოს თემურ ჩხეიძის სახელოსნოს "დიდ შესვენებას" ვნახავ. თავხედია და სრული უტიფარი. ჩემ მაგივრად უხარია! 9-ის 18 წუთზე ვფიქრობდი, რომ ზუსტად 12 საათი დარჩა სპექტაკლამდე და დედამიწის ნახევრად შემობრუნების შემდეგ მე იმავე დედამიწაზე, უბრალოდ სხვა ადგილას ვიქნები და ვუყურებ სპექტაკლს. ხანდახან რა უცნაურია ყველაფერი. უბრალო რაღაცებიც კი. განსაკუთრებით, სივრცე.
შუადღეს ვფიქრობ, რომ ამდენი Dubsmash-ის გადაღება აზიანებს ჩემი "ახალგაზრდა და ჭკვიანი პროფესიონალის" რეპუტაციას. ამიტომ, საღამოს ვიღებ ახალ Dubsmash-ებს, ამჯერად cowboy-ს ქუდით და მეტი მონდომებით. ჩემი ლოგიკა ასეთია: თუ აღარ ვიქნები "ახალგაზრდა და ჭკვიანი", შეიძლება უფრო საინტერესო როლი შემხვდეს. აი, მაგალითად, დიდი სიამოვნებით გავრეკავდი "ახალგაზრდა შეყვარებულის" გასარეკს, დავირქმევდი "ეს-ნორმალური-მეგონა-და-რა-ჯანდაბა-ეტაკა"-ს და ამ დებილ ხალხს ვაჭმევდი "ყლეზე-დაიკიდა,-ტო?"-ს...
ჰო, მართლა, ბოდიში რომ ეს არ არის რეცენზია სპექტაკლის შესახებ. ჩემთვის ყველაზე მთავარი ტიპი ამქვეყნად არის მე, ამიტომ, ყველაფერს რასაც კითხულობ და რასაც მერე წაიკითხავ არის ამ ერთი მე-ს აზრი, ამ ერთი მე-ს გადმოსახედიდან და ამ შენ ერთ მე-ს მაგრად არ აინტერესებს ობიექტურობა და მსგავსი სტანდარტები. მე-ა რა...
ჰოდა, კიდევ, ეს წერილი ბევრჯერ შეიცვლება, ალბათ. იმიტომ, რომ აზრი შეიცვლება და ეხლანდელი მოსაზრება ავთენტური კია, მაგრამ შესაძლოა სულაც არ იყოს რეალური, თუნდაც ერთი საათის შემდეგ. ამიტომ, საკუთარ თავს ვაძლევ პირობას, რომ არ ჩავასწორებ, გადავაკეთებ, დავ-სასვენნიშნებ წერილს. იყოს ზუსტად ისეთი, როგორიც ეხლაა, იყოს მარტო აწმყოს კუთვნილება და აღიქმებოდეს საკაიფო წარსულად ნებისმიერი მომავლიდან. თუ არც, რა.
სპექტაკლი კარგია. დათა ფირცხალავა. პირველად გავიგე. მაგრამ მას არც გავუგივარ, ასე რომ .. ბლა ბლა. ბილეთები ვიყიდე გუშინ. მე და ქრისტინა მივდივართ. როგორც იქნა, შევთანხმდით და დავამთხვიეთ თავისუფალი დროები. ზუსტად ვიცი, რომ ჯორჯი ჰაერში იქნება 18:05-ზე, ამიტომ, შანსი არაა რამე გამომიჩნდეს.
(მაგარი რამეა ალბათობისგან თავისუფლება.)
ოფისიდან გამოვდივარ 7-ზე. სამეფო უბნამდე 7 წუთია, მაგრამ ლოდინს თავის ფასი აქვს. მხვდებიან ჩვენი დამლაგებლები: მცირე-ჭაღარა და მცირე-ჭაღარას-დაუღალავი შვილი. მცირე-ჭაღარა კაი-ყმაა (მოვლენილი დიაცად). მოკრძალებით იღებს ხოლმე ჩემს ნაგვის ურნას, როცა მაგიდასთან ვზივარ და მერე ისევ მოკრძალებით, თვალგამოპარული თავაზიანობით აბრუნებს უკან. დალაგებისას ასეთი გადაწყვეტილი კანონზომიერება ბედნიერებაა. ბედნიერებაა, რომ იცი, საღამოს, საკმარისად გვიანობამდე თუ დარჩები, მოვა მცირე-ჭაღარა და მზრუნველი მდედრი გნომის მონდომებით მოაწესრიგებს საყოფაცხოვრებო და სამსახურეობრივ ნივთებს.
ფოიეში შევდივარ. "მეორე სად არის?" მებილეთე კაცი უყურებს ჩემს ბილეთს. "მალე მოვა, დამირეკავს და გამოვალ და შევხვდები." კარგიო, თავს მიქნევს. ჩავდივარ კიბეებზე. შუაში ვჩერდები. ჩემი ადგილი კედლის უკანაა. ვერავინ გამჩნევს, არავინ გხედავს. იმედი მაქვს ნინო დღესაც იქნება. ნინო აი ის გოგოა, კარებს რომ აღებს ხოლმე ზარის დარეკვის შემდეგ და რომ გაფრთხილებს, ტელეფონი გამორთეო. დღეს ვიღაცამ აწყენინა. თეატრის თანამშრომელი, ახალგაზრდა ბიჭი უხსნის, რომ მისი ბრალი არაა. ნინო არ ურიგდება და მე მთელი გულით ვგულშემატკივრობ ამ ბიჭს. შეიძლება მართლაც მისი ბრალია, მაგრამ მაინც. მერე ვცდილობ არ გამეღიმოს.
გაბუნიამ შემოიხედა. არც ვიცი როგორ უნდა მიმართო: დათო თუ დავით. სრული სახელებით მარტო ახლო მეგობრებს მივმართავ, ამიტომ, "დათო" გამოვიდა. დათო კარგი ბიჭია. გვარად, ბლუმკვისტი. ("გაბუნია" ფსევდონიმია.) ამიტომაც, სალტკროკელი უფროა, ვიდრე - სრულყოფილი მოქალაქე თბილისის. და საინტერესოა. ხანდახან ვფიქრობ, რომ დრამატურგებისთვის ყველანი პერსონაჟები ვართ, და რომ ადამიანების არსებობას (თუ საკმარისად ბევრ დროს დახარჯავენ დრამატურგობაში) უსინდისოდ გამოიყენებენ პიესაში, მაშინვე, როგორც კი დასჭირდებათ. პრინციპში, დრამატურგისთვის ადამიანი მოქმედი გმირია, ყასაბისთვის - ხორცი.
შევდივართ სპექტაკლის სანახავად. სკამები ისევ სცენაზეა. პირველ რიგში ვსხედვართ. მძაფრი სინათლე მანათებს.
მაყურებლის სინათლე წყდება. ძველი საკლასო ოთახის თეთრ ნათურებს ინფარქტი არტყამს. წინ ჩემი კლასია.
პირველად ყორღანაშვილი ჩანს. მაღალია.
მერე შარვაშიძე, სპორტული შარვლით, თეთრი სვიტერით. თავზე ქუდით, რომელიც თბილია.
მერე ხვედელიძე. ბემბის ბუ გამახსენდა უცებ. ხვედელიძის გამო არა.
მსახიობები იწყებენ. ან დაიწყეს და ეხლა შევამჩნიე. ჩემ გვერდით გოგო ზის. იცინის. მე ჯერ არ ვიცი სასაცილოა თუ არა. მაგრამ ეს ხმამაღალი "აღლანტაღალ" და "ჰაჰაიე" მაღიზიანებს. ბიჭური დიალოგია. და ძალიან უცნაური. "დედაშვც", "ამის კარგი მოვტყნ" და "ყლე" ხშირად არ მხვდება ყურში. პრინციპში, ყურში "შენ მტერს მოხვდა"... კლასელები სკოლის დამთავრებიდან 15 წლის შემდეგ იკრიბებიან ძველ საკლასო ოთახში. მერხები ისევ ისეთი, პარკეტიც. არ მინდა გავიფიქრო როგორი იქნებოდა ჩემი კლასი მათ ადგილას. ("ვისაც საჭიროა, ისედაც ვნახულობ." - თვითმიტივება ჩემი დიდი ნიჭია.) შიშინაშვილს ელოდებიან. შიშინაშვილს თქვენ კი არა, მთელი 3 რიგი ველოდებით! (პირველად "სამშობლოში" ვნახე. დიაკონი იყო. ისევ პირველ რიგში ვიჯექი და "რა-სიცოცხლეა" და "საყვარელი" მირტყამდა "ბეჭებში".)
ყურღანაშვილი ყვება როგორ ააკითხა სახლში შიშინაშვილს. ცოლი დამხვდა მარტოო. ფეხმძიმედაა ალბათო. მუცელი არ ეტყობოდა, მაგრამ მაინც ასე მგონიაო. მერე შიშინაშვილიც მოვიდა და, ალბათ, წამოვალო. ცოლსაც უნდოდა წამოსვლა, მაგრამ მე ავუხსენი, ცოლები კი არა ჩვენი კლასელი გოგოებიც კი არ მოდიანო.
ჰოდა ცოლიც გაეჩითებათ შუა სპექტაკლში. მართლა ფეხმძიმედაა.
გორგიჭიანი ფოჩხუას როლს ასრულებს. სიარული ეზარება და ყველაზე კაი ყმაა ამათში. დანარჩენს არ დავწერ. უნდა ნახოთ. ხუთივე უნდა ნახოთ რა, და ყურებაში გართულს მოსმენა არ დაგავიწყდეთ. დაჯექი, ფირცხალავა. ხუთიანი!
დღეები დასჭირდება გაცნობიერებას. ალაგ-ალაგ გამახსენდება პიზოდები: "მარშუტკაში", საავადმყოფოს მოსაცდელში, ოფისში, წვეულებაზე, სამზარეულოს მაგიდასთანაც, ალბათ. ფირცხალავა, ყოჩაღ!
ბევრს ვერაფერს ვიტყვი სპექტაკლზე. ის დღეები გამახსენა, როცა ყველაფერს ვგრძნობდი და ყველაზე მეტად მტკიოდა. ამიტომ არ მინდა ამაზე წერა. ტკივილი თუა ახალგაზრდობა, სირბილი იყოს ბავშვობა მაშინ. და როცა არ იცი რა ხარ, იჯერებ იმას, რასაც გეუბნებიან რომ ხარ. და ესე ვიყავი მონაცვლეობით ყლეც და გენიოსიც (თუა რამე განსხვავება).
სპექტაკლი დამთავრდა.
ფოიეში ვიდექით. ყველა ეწევა. ამ დროს ვფიქრობ, ნეტავ მეც შემეძლოს მოწევა-მეთქი. აი, ნამდვილი ნაფაზის დარტყმა რა, ხველა რო არ გიტყდება და არც თავბრუ გეხვის და არც 13 წლის დებილივით წითლდები. მწეველების ადგილას, მივიდოდი ვინც არ ეწეოდა იმასთან და შევთავაზებდი სიგარეტს. როგორც წესი, პირიქით ხდება ხოლმე: "სიგარეტი ხო არა გაქვს, ძმა?"
ქრისტინამ ახსენა, რომ აფიშის მხატვარს იცნობს.
მე ხანდახან მესმოდა რასაც ვამბობდი, ხანდახან ვფიქრობდი სპექტაკლზე. ყველა ნაოჭი მნიშვნელოვანია?
იმედი მქონდა, რომ "დიდი შესვენება" დიდი შესვენება იყო. რომ სპექტაკლი ჯერ არ დამთავრებულა და მეორე ნაწილი დაიწყება. რომ ვიღაცას რაღაც შეეშალა, დაავიწყდა, რავიცი...
გზაში ვისაუბრეთ. ბევრი არაფერი მახსოვს. გამოსვლისას დავინახეთ: ქუჩაში მარტო მოდიოდა კალატოზიშვილი. სცენის გარდა, სინამდვილეშიც არსებობს. (ალბათ, პარასკევს მესამედ ვნახავ "ტროელ ქალებს").
დანკინ დონატსის წინ ბიჭი რუსულად მღეროდა რაღაცას.
ჰოდა თბილისში არ ცივა. კაშნეც კი არ მიკეთია. ქუჩაში იმაზე მეტი ხალხია, ვიდრე ამ დროს არის ხოლმე.
როგორ მოვედი, ზუსტად არ მახსოვს. ვათვალიერებ ჩემს მაგიდას. ოლივერი გვერდით დგას და ისევ ერთგულად მიყურებს. ჩაი გაცივდა.
_____________________________________________________
(მეორე ნაწილი)
მეორედ ნახვის შემდეგ:
"მოზაიკაში" თბილოდა. გარშემო ბევრი ნაცნობია და თავი სხვის სახლში ვიგრძენი. როგორ შეიძლება ამდენი ლამაზი ადამიანის არსებობა ერთდროულად. თუმცა, ჩემს მეგობრებს ხშირად ეცინებათ, როცა ვინმეზე ვიტყვი ულამაზესია-მეთქი. მერე, იხსენებენ, გახსოვს ის უშნო რომ მოეწონაო? მე რომ ლამაზი ვიყო, ალბათ, სხვების სილამაზის მიმართაც მეტი პრეტენზია მექნებოდა.
დღეები გადიან უცნაური სტანდარტულობით. dubsmash-ების ("guess the movie") კონკურსში თინათინ ათინათმა ყველას მოუგო. მოკლედ, ერთ დღეს გადავწყვიტე, უფრო საინტერესო რომ ყოფილიყო dubsmash-ები, დამეწყო კონკურსი: "guess the movie / song" და ვინც პირველი დაწერდა რომელი ფილმიდან / სიმღერიდან იყო ციტატა, ის მიიღებდა 1 ქულას. ვინც პირველი შეაგროვებდა 10 ქულას, ის გახდებოდა გამარჯვებული. პრიზი, რა თქმა უნდა, ჯერ არ მქონდა მოფიქრებული და გამარჯვებულზე იქნებოდა დამოკიდებული. ჰოდა, თინათინ ათინათმა ყველაზე ადრე დააგროვა 10 ქულა.
ბევრი ვიფიქრე რა შეიძლებოდა პრიზად გადამეცა. თავიდან დავაპირე ცხელი, ჩემი გამომცხვარი, ვარსკვლავის და სოკოს ფორმის "ხრ-H-უნებით" მივადგები EMC-ში მეთქი. თუმცა, ამასაც თავის რისკი აქვს, ბევრი რამ შეიძლება წავიდეს არასწორად: დამეწვას ხრაშუნები, გზაში გაცივდნენ და აღარ იყვნენ გემრიელები, ვერ მოვასწრო ოფისიდან გამოსვლა, ვერ გადაურჩეს ჩემი თანამშრომლების მსახვრალ ხელს... მერე ლაშას ვკითხე ისევ თქვენთან არის თინათინი, თუ სადმე გადავიდა-მეთქი. და ლაშამ, ჩვენთან აღარ მუშაობს, ჯიქიაზეაო. ჯიქია ვიცი რომ საბურთალოზეა, მაგრამ საბურთალოს კარგად არ ვიცნობ და ამიტომ, დიდად არ მიყვარს. პლეხანოვი კი ხანდახან მესიზმრება ხოლმე. მაგრამ, ჯიქია მაინც საბურთალოზეა (ჯერ-ჯერობით). ამიტომ, გადავწყვიტე, სპექტაკლის 2 ბილეთი ყოფილიყო პრიზი. თინათინი იძულებული იქნებოდა საკუთარი ფეხით მობრძანებული თავისი საბურთალოს ჯიქიადან! გენიალური გეგმაა!
ვიფიქრე, "სტრიპტიზზე" წავალთ მეთქი და თან რამდენიმე დღე ვაწყობდი ტექსტს. როგორ უნდა მისწერო ადამიანს, რომელსაც სულ რამდენჯერმე შეხვედრიხარ, რომ არ ხარ creepy stalker, უბრალოდ, რაღაც მოიგო, მიუხედავად იმისა, რომ არ იცოდა რომ კონკურში იღებდა მონაწილეობას, და ამიტომ, ეპატიჟები "სტრიპტიზზე". საბედნიეროდ, აღმოჩნდა, რომ "სტრიპტიზი" ისედაც ნანახი აქვს. ამიტომ, წავდივართ' "დიდ შესვენებაზე".
დღეს კვირაა. ცივა. ძალიან ცივა და მახსენდება ფლენსბურგი, სადაც სულ ციოდა. მთელი 2 წლის მანძილზე, ვერ მოვიცალე ხელთათმანების საყიდლად, ამიტომ სულ მეყინებოდა თითები. და გულწრფელად მჯეროდა, რომ თუ თითები საკმარისად გაგეყინება, Horowitz-ის თითებივით წვრილი და ლამაზები გახდებიან. როცა გცივა, გრნძნობ რომ ადამიანი ხარ, არსებობ. გრძნობ წამებს. აწმყოს აცნობიერებ და ყველა დეტალს ამჩნევ. ყველაფერს აქვს თავის ფასი, ადგილი და მნიშვნელობა. ამიტომ, მომეწონა Iñárritu-ს Revenant, და ამიტომ ველოდები გარეთ.
თინათინი და მარი მოვიდნენ. ვსხდებით შესასვლელთან. ნინო ჩვენ გვერდით ზის. ყველაფერი არის ძალიან კარგად. იმიტომ, რომ სამეფო უბნის თეატრი სულ უფრო და უფრო ემსგავსება ჩემს ძველ სახლს. ჩვენ ბევრს ვლაპარაკობთ, რაც უცნაურია, იმიტომ, რომ ამ სკამებზე ადრე არასდროს მილაპარაკია ამდენი. მე ვუყვები ნიუ იორკზე. თებერვალში წავალ და ვიბოდიალებ ქუჩაში, როცა ღირშესანიშნავი ნიუ იორკელები ოფისებში ისხდებიან. პირველივე დილით გავალ და ადგილობრივ ჯიხურში ვიყიდი "The New Yorker"-ის თებერვლის ბოლო კვირის გამოცემას. დავლევ ყავას და საქმიანი გამომეტყველებით დავაკვირდები ჭადრაკის მოთამაშეებს Central Park-ში. და ერთ საღამოს king Cole Bar-ში შევუკვეთავ მარტინის ზუსტად ისე, როგორც ნამდვილმა მეტიჩარა ჯენტლმენმა უნდა შეუკვეთოს და თვალმოჭუტული გავხედავ გვერდით მსხდარ წყვილებს. და ვიქნები მარტო და თავისუფალი, ზუსტად ისე, როგორც მინდა!
ახლა კი სპექტაკლის შესახებ:
ყორღანაშვილი ხანდახან ისე ძაბავს შიშინაშვილს, რომ მგონია, მართლა შემოარტყამს. ციცი ზუსტად ისეთი ტიპია, აი შევიკრიბოთ-შევიკრიბოთ, რო ატყდებიან და მაგათ მეტს რო არავის უნდა ეს შეკრება. ყველაზე მეტად მგონი მაგას პწკენს სინდისი და მაგიტო, ალბათ. ჰოდა, მაგიტომად გადაფხაჭნის "ფოჩხუა ყლე"-ს მერხიდან. ყორღანაშვილის პერსონაჟი აი ზუსტად ისეთია, ყველას რომ გვყავდა კლასში: ყურადღების ცენტრი, სანამ სხვა Alpha Male-ები გამოჩნდებიან და დიდი ბავშვი, სკოლის ამბები სკოლის მერეც რო გაყვებათ ხოლმე. ცოტა გაიძვერაა ეს ციციშვილი. აი, რაღაცნაირი, ახვარი ტიპები რო არიან, ოღონდ არც მთლად პროჭები, ეგაა რა. ყორღანაშვილი ზომიერია, გაწონასწორებული და თანმიმდევრული. ხმას კარგად ფლობს და ზუსტად სვამს "უდარენიებს". შეიძლება, მეჩვენება, მაგრამ ასეა. ისეთი მსახიობია, "მთხრობელის" როლს რომ მისცემდი, დასვამდი სკამზე და მოუსმენდი სად იყო, რა უთხრა, მერე იმან რა უპასუხა - ბაზარს.
გულორდავას როლში შარვაშიძე კაიფობს. თამაში არ ჰქვია მაგას, გულორდავას როლში შარვაშიძე კაიფობს! და ძალიან მაგარია! ყველაზე მეტად გულორდავა მევასება მაინც, ყველაზე ღია ტიპია და იმიტო. როცა წყინს, წყინს. როცა ბრაზობს, ბრაზობს. როცა უნდა, რასაც უნდა, იმას აკეთებს და ამბობს. უსაქმურობს ზედმეტი დრამატიზმის და "ამ-ცხოვრების-დედაშვც"-ის გარეშე. გულორდავასნაირებთან ლაპარაკი ასწორებს, გამოვიღებთ პეროებს, დავდებთ სკამზე და არც ის გეტიპება, არც შენ ეტიპები. შარვაშიძე ზუსტად სვამს გულორდავას. კაია როცა მსახიობს ეტყობა რო უსწორდება როლი რა, არც შენ გძაბავს და არც თვითონ იკლავს თავს. კაია, შარვშიძე, ეგრე გააგრძელე და კიდე ბევრჯერ მოვალ(თ) შენს სპექტაკლებზე.
ხვედელიძე, ხვედელიძეეე. ხვედელიძის პერსონაჟი ვაფშე რა როჟაა ვერ გავიგე. ეგეთი ტიპები არ გვევასება რა. შეყვარებული რო გაუთხოვდებათ და მერე გაფაციცებულები ადევნებენ იმათ ცხოვრებას თვალს... მარა აი, ტელეფონი რო მოეწონება და განვადებას ჩალიჩობს... მერე რო გაუტყდება, 700-800 ლარის პონტში და "შენახვა ხო უნდა"-ს იმიზეზებს, ეგ გაგვისწორდა ყველას. ხვედელიძეზე მგონი ადრეც დავწერე, მარა თუ არ დამიწერია, ე.ი. დაწერა მინდოდა და ვერ მოვიფიქრე როგორ: ეგეთი არაგროტესკული პერსონაჟი გყავდეს და მაინც ამდენ ყურადღებას იმსახურებდე, საღოლ! ანუ, ბევრი არაფერი ახასიათებს, არც გამორჩეული ციტატები, არც განსაკუთრებული ქცევები, არც საინტერესო ზმანი, მარა მაინც სულ უყურებ. ვიღაცა რაღაცას იტყვის და შენ მაინც ხვედელიძეს უყურებ. და მერე იმ ვიღაცასაც იმიტო უყურებ, რო ხვედელიძემ შეხედა. იმედია, მიხვდი.
შიშინაშვილზე ბევრს არაფერს ვიტყვი, ისედაც ყველა იცნობს და ყველას ევასება. რა პონტში იტყუება თავიდან, ცოლის ფეხმძიმობაზე... გაყიდვების მენეჯერი. ბოლო სცენაში, როცა გოგრიჭიანთან მარტო რჩება და ჯერ არ იცის, რო გოგრიჭიანი კუთხეშია, აი ეგ რამდენიმე წამი კაია. ამოისუნთქავს, გადარჩა. და მერე, ეგრევე იცვლება, იძაბება და შენზეც მოქმედებს ეგ დაძანულობა. ძალიან მოქმედებს. მთელი დარბაზი წინგადმოხრილი ვუყურებდით ბოლო სცენას. არავის მოგვსვლია თავში გაღიმებაც კი, როცა გოგრიჭიანი ეხვეწება გამარტყიო. უყურებ და გრცხვენია, რომ მანამდე გეცინებოდა. და აღარ გახსოვს საერთოდ რა იყო სასაცილო. ბოლო სცენაში თავს ზუსტად ისე გრძნობ, როგორც სკოლაში, შენი ძმაკაცი რო ვიღაცას ცუდად ეღადავებოდა და აჩმორებდა, შენ კიდე მაგაზე იცინოდი. შენი სიცილის გრცხვენია.
და ბოლოს, გოგრიჭიანი. რა ვთქვა, აბა. ისეთი უშუალოა, გგონია ვოვკა ფოჩხუა კი არა, თორნიკე გოგრიჭიანია, ნამდვილი სცენაა და არა სპექტაკლი. ალბათ, ყველა მსახიობის მიზანი ეგ არის, ისე გაიხსნას პერსონაჟში, რომ არ არსებობდეს ზღვარი მასსა და მის გმირს შორის. მოკლედ, აქ ბევრის წერას აზრი არ აქვს რა. პირფერობას და ხოტბას გავარტყი. თუ გინდა ნახო რამე კაი, წადი და კარგად დააკვირდი გოგრიჭიანს.
ფეხით ჩავედით პეროვამდე. აღმოჩნდა, რომ მე და მარი ერთ კორპუსში ვცხოვრობთ. "მოზაიკაში", ალბათ, ისევ თბილა.
როგორ გამიმართლა, რომ ავირჩიე აქ, ამ დროს დავბადებულიყავი. კი არავის გევასებათ ეს დედანატირები ქვეყანა, მარა კარგად არ იცნობთ და იმიტომ.
ძილის წინ ვცდილობ დავისიზმრო "დიდი შესვენება".
...სკამის პატარა ცხოველი - მტვერი,
ეთამაშება სინათლეს მაღლა.
და მკაცრ სცენასთან იცდის პარტერი,
როგორც მშიერი მოხუცი დახლთან.
Subscribe to:
Posts (Atom)
Followers
About Me
Blog Archive
- Jul 03 (1)
- Jun 20 (1)
- Jun 24 (5)
- Feb 10 (3)
- Nov 01 (1)
- Oct 28 (1)
- Sep 18 (2)
- Aug 26 (2)
- Jul 08 (1)
- May 25 (1)
- May 08 (2)
- Apr 14 (2)
- Feb 05 (1)
- Jan 18 (1)
- Dec 22 (2)
- Nov 01 (1)
- Aug 22 (1)
- Aug 21 (3)
- Jun 07 (1)
- May 05 (1)
- Apr 19 (1)
- Mar 21 (1)
- Mar 20 (2)
- Feb 13 (3)
- Feb 06 (1)
- Feb 02 (5)
- Jan 16 (1)
- Dec 28 (7)
- Dec 16 (1)
- Dec 10 (1)
- Nov 24 (1)
- Nov 22 (1)
- Nov 16 (1)
- Nov 14 (1)
- Oct 31 (1)
- Oct 29 (1)
- Oct 21 (1)
- Oct 17 (1)
- Oct 11 (1)
- Sep 30 (1)
- Sep 12 (1)
- Aug 02 (5)
- Jul 30 (1)
- Jul 18 (1)
- Jul 06 (1)
- Jun 23 (1)
- May 25 (1)
- May 20 (1)
- May 19 (1)
- May 06 (1)
- May 05 (1)
- May 02 (3)
- Apr 22 (1)
- Apr 12 (1)
- Apr 07 (1)
- Apr 06 (2)
- Apr 03 (2)
- Apr 02 (2)
- Mar 28 (1)
- Mar 25 (1)
- Mar 19 (1)
- Mar 10 (1)
- Feb 18 (2)
- Feb 11 (1)
- Feb 10 (1)
- Feb 09 (1)
- Feb 01 (2)
- Jan 28 (2)
- Jan 15 (1)
- Jan 07 (1)
- Jan 01 (1)
- Dec 15 (2)
- Dec 13 (1)
- Dec 06 (1)
- Nov 15 (1)
- Nov 05 (1)
- Sep 27 (2)
- Sep 23 (2)
- Sep 20 (1)
- Sep 18 (1)
- Aug 29 (1)
- Aug 23 (1)
- Aug 11 (1)
- Aug 03 (1)
- Jul 21 (2)
- Jul 18 (3)
- Jul 15 (1)
- Jun 09 (2)
- Jun 08 (1)
- Jun 03 (1)
- May 28 (1)
- May 23 (1)
- May 16 (1)
- May 05 (1)
- Apr 14 (4)
- Apr 06 (1)
- Apr 04 (1)
- Mar 21 (1)
- Mar 20 (2)
- Mar 14 (2)
- Mar 13 (1)
- Mar 12 (2)
- Mar 10 (1)
- Mar 03 (1)
- Mar 01 (1)
- Feb 25 (1)
- Feb 14 (1)
- Feb 04 (1)
- Jan 31 (1)
- Jan 28 (1)
- Jan 17 (2)
- Jan 10 (2)
- Jan 04 (1)
- Dec 28 (1)
- Dec 25 (1)
- Dec 24 (1)
- Dec 07 (1)
- Nov 21 (1)
- Nov 03 (1)
- Nov 01 (1)
- Oct 28 (1)
- Oct 22 (2)
- Oct 10 (1)
- Oct 08 (1)
- Oct 05 (1)
- Sep 29 (1)
- Sep 20 (1)
- Sep 14 (1)
- Aug 24 (1)
- Jul 20 (6)
- Jul 09 (16)
- Jul 02 (1)
- Jun 30 (1)
- Jun 26 (1)
- May 24 (1)
- Nov 20 (1)
- Oct 30 (1)
- Oct 01 (1)
- Sep 24 (1)
- Jul 27 (1)
- Jun 28 (1)
- May 25 (1)
- Apr 09 (1)
- Jan 26 (1)
- Dec 29 (1)
- Dec 27 (1)
- Dec 22 (1)
- Nov 16 (1)
- Oct 31 (1)
- Feb 08 (1)
- Aug 16 (1)
- Jun 12 (1)
- Nov 06 (1)
- Oct 09 (1)
- Aug 24 (1)
- Jun 07 (1)
- Dec 21 (1)