რამდენიმე სტროფი ძველი ლექსებიდან

-
სამ მოხუცს ვიცნობდი.
სახელები ერქვათ უცნაური:
ახდავბერდი, ეჰშვილოშვილო
და რაკარგიიყო.


-
ხანდახან მინდა მეც ვიყო მთვრალი,
ატმების ღვინით, ატმების ფერით.
და დაფრინავდეს მსუქანი მთვარე.
არ არსებობდეს სხვა არაფერი.


-
დღეებს გადააქვთ ურმებით გვამი.
რომელიც ერთ-ერთ ოთახში ნახეს.
და აჩვენებენ ღამეებს ამით
რომ მთავარია ფორმა და სახე.


-
ვიღაცა მიხვდა რომ ვიღაც შეცდა,
და სადღაც, ძილში იღიმის ვიღაც.
და ვინ თქვა, თითქოს მაღლაა ზეცა,
როცა ზემოდან მიყურებს მიწა.


-
გარეთ, მკვდარ სახლში აგდია მთვარე.
ბაყაყს ჭამს მთვარე და სტკივა თავი.


-
ყინვის ჭახჭახში
ჩვენ კაჭკაჭებს ვიჭერთ კუდებით.
და თუ გაგექცა, უკაჭკაჭოდ, გაიგუდები.



-
ჭერამს ტოტიდან დასცვივდა ფიფქი.
გარეთ ბალახის სუნი ტრიალებს.
და ნარცისების ყვითელი რიგი მშვიდად იზრდება.
და მარტი არის.
ხის კიბეებთან ზის თეთრი კატა
და დროს უსწორებს ნაცრისფერ თვალებს.
და როგორც შვილი ისე დგას მკვდართან
ზამთრის სიცივე და სისადავე.



-
მთაზე დასახლდა უშვილო კაცი,
სხვების შვილების ნახვის ოცნებით.
მარჯვნივ კი ცაა (და როგორც მარცხნივ)
ცის გარდა მიწას ვერსად მოძებნი.



-
კალაბრიაში ცხელა და ცივა და წვიმს ხანდახან და კაცებს მოჰყავთ დაღლილი ცხვრები სახლში.
მე კი ასეთი სიმშვიდე, სიცხე და მტვერი, ერთად, არც მიმაჩნია არაფრად.
- მტრედი!
მტრედები გზაზე გაშეშებულან, დაორთქლილები მზით და ჰაერით.
ჭრიალი ისმის.
ბალახებს შორის ჭრიალებს ქარი, როგორც საწოლში ჩასვენებული, მძინარე კატა. და ბავშვებს ხელში უჭირავთ მკვდარი, გამოშიგნული ღორების ძვლები და მიაქვთ, იქვე, სადღაც, ნაპირთან და რიგრიგობით ისვრიან წყალში, რადგან ნაპირის მიღმა ყოველთვის იყო და არის უცნობი მხარე, რომლის საზღვარიც ჩვენს თმებთან გადის.

დამიბუსუსდა ყურებზე მტვერი. მშრალი ვარ, როგორც ყინვისას - მიწა.

ჩვენ ვცდილობთ ის ვთქვათ, რაც, თითქოს, გვესმის, ან, გაგვიგია.

რაც ვიცით, თითქოს უბრალო გახდა.

ასიდან ერთმაც რომ გააღწიოს, მიღირს ათასად.

მე ზღვას ვხატავდი და სიბნელეში ჩამეხრჩო უცებ.

ზღვას უჭირს თქმა და მოსმენა უყვარს, და მიცდის, დილით, როდესაც ჩავალ და სილას ათბობს ცივი თათებით. ზღვას უყვარს ყველა ბიჭი და გოგო, ყველა ბავშვი და დიდი, კაცი და ქალი, რადგან მარტოა თვითონ, ხმელეთში ცხოვრობს და არ ჰყავს შვილი, ან მეგობარი.

მე ზღვას დავხატავ, სანამ, არ შეგროვდება ზღვასავით წყალი,
რომ მიმიკაროს და დამიმსგავსოს.


No comments:

Post a Comment

Followers

Blog Archive