la faim ღმერთით

stand by my side: https://www.youtube.com/watch?v=2Bb0k9HgQxc

მიხეილ ჩარკვიანისა და დავით ხორბალაძის სპექტაკლი
მხატვარი - ანა გურგენიძე
სპექტაკლში სრულდება ირაკლი ჩარკვიანის სიმღერები.

მონაწილეობენ:
ნუცა გუჩაშვილი, გვანცა ენუქიძე, ნინი იაშვილი, ირაკლი კაკაბაძე, თეონა ლეჟავა, ანანო მახარაძე, თემო რეხვიაშვილი, ირაკლი სირბილაშვილი, თამთა ჩუმაშვილი.


რამდენიმე ჭეშმარიტება ცხოვრების შესახებ:
1. ჯაჭვები ფეხზე ჰკიდია ტომის.
2. წრეს ეძახიან გახვრეტილ სფეროს.
3. გრძელ ნაბიჯს მოკლედ ჰქვია ნახტომი.

მე დილას ვიწყებ შუბერტით. მერე, დიდი კონტრასტია მარა მაინც, ვთარგმნი ბიზნესის რაღაც სტატიებს. მერე ვწერ დავალებას. მერე ამ ყველაფერს ვტვირთავ საიტზე. მერე ვაგზავნი იმეილს 100 სტუდენტთან დავალების შესახებ. ვკითხულობ ანტიგონეს, უკვე მეშვიდედ, მგონი. მერე ვიცმევ ქურთუკს, აი იმას, იდაყვები რომ სიგარეტით ჰქონდა ამომწვარი და ტილოს ნაჭერი რო დავაკერებინე. ძველ ბოტასებსაც ვიცმევ და ჩემი წყლით მივდივარ სავარჯიშოდ. დავრბივარ და რამის მოსმენას აზრი არ აქვს იმიტო რო მუსიკა ძაან ხმამაღლაა და მაინც ვერაფერს გავიგებ. ამიტომ მეორე სამყაროში გავდივარ და კარს მაგრად ვიჯახუნებ. აღარ მესმის არაფერი. მარტო დავრბივარ, მერე ტურნიკზე ვქანაობ. მერე ვიღაც მეუბნება კიდევ ბევრი დაგრჩაო? მოვდივარ. ავტობუსში არავის ვუთმობ ადგილს. სახლში ვპოულობ გადარჩენილ პურის ნაჭერს და ყველს და ვსვამ ჩაის. მერე გავდივარ ფაბრიკაში. სპექტაკლი იწყება 7-ზე. სტინა მალე მოდის, თავისი "კლეჩატი" "ადიალით", რომელსაც თავშალს ეძახის. პირველი რიგი. და დედასვფიცავარ, თუ რამე არ მომეწონა, პრე.ზი.დენტს თუ არა, სტინას ვეტყვი ყველაფერს.

ჩარკვიანის და ხორბალაძის სპექტაკლს ჰქვია "შიმშილის ღმერთი".

სპექტაკლში მონაწილეობს 9 მსახიობი. მათგან 6 გოგოა და 3 ბიჭი. აქედან ორ გოგოს აცვია ძოწისფერი და შედედებული სისხლისფერი ტანსაცმელი. ერთს აცვია ღია მდოგვისფერი ზედა. ერთს აცვია ცისფერი კაბა. ერთს აცვია ჯინსის შარვალი. სულ ბოლოს კი აცვია ყავისფერი, ტყავის ფეხსაცმელები, წვრილი ზონარებით. ერთ ბიჭს მოკლე თმა აქვს. ერთ ბიჭს აქვს გრძელი თმა. ერთი ბიჭს კი ძალიან შავი თმა აქვს.

ჩემ გვერდით ორი სკამი თავისუფალია.

რამდენიმე ისტორია კვეთს ერთმანეთს. ყველა მათგანს განსხვავებული ფერი აქვს. პირზე ხელაფარებული, გაგუდული ბავშვის ისტორია ნაცრისფერია, როგორც ნაცრისფერია ზოგიერთი მიცვალებული. კიბოიანი დედის გაყიდული ორგანოს ისტორია აჭრილი რძისფერია. ამერიკაში გასაფრენი ისტორია გაცვეთილი მტვრისფერია. სუნიც მტვრის აქვს. ოქროებიანი რძლის ისტორია გულისამრევი ყვითელია. სუნი ნარწყევი ლიმონათის აქვს. საუცხოოდ ნაყოფიერი ბიჭის ისტორია 12 ფურცლიანი, შუაზე გადაკეცილი, მწვანე რვეულის ფერია. ფულიანი, ასაკოვანი ქალების მაამებელი ისტორია გაღიზიანებული კანის ფერია, თან წითელი და თან მოყავისფრო. ფეხმძიმე გოგოს ისტორია უფერულია. დეპორტირებული მოცეკვავის ამბავი კი მაკარონის ფერია. და მას ცხელი კომბოსტოს სუნი აქვს.

"შიმშილის ღმერთი" არის სიღარიბის შესახებ. არა სულიერი სიღარიბის, არამედ ნამდვილი, მიწიერი, მტკივნეული სიღარიბის შესახებ, რომელიც გაიძულებს საკუთარი სხეულის, სიამაყის, მარტორქების გაყიდვას. ეს არის ყოველდღიური შიმშილი, ანუ საფრთხობელა. ეს არის მითიური შიმშილი, ანუ მუდმივად ძღომის ძიების წყევლა. ეს არის ლეკვების მშობლის შიმშილი, ანუ შვილების შიმშილზე ცოტა. ეს არის სადმე ყოფნის შიმშილიც, როგორც ტყვეობის ერთ-ერთი ფორმა. ეს არის ღმერთი, ვინც საშიშია, უფრო საშიში ვიდრე ჰადესი. ეს არის ღმერთი და, როგორც ყველა სხვა მკაცრი ღმერთი, ისიც არავის ემორჩილება. ის ყველგანაა. ტკივილით მართავს. მასაც თავისი ფსალმუნი უნდა.

შიმშილის ღმერთის რამდენიმე ჭეშმარიტება:

1. შენ არ არსებობ.
2. არავინ არ ხარ.
3. შენი მუცლიდან შიმშილი წვეთავს.
4. ყველას ვიპოვი, ვინც ერთხელ მნახა.
5. და ვერავინ. ვერსად. დამაღწევს. მე. თავს.

ჩარკვიანი და ხორბალაძე უბრალოდ, ყოველგვარი ორნამენტების გარეშე ჯღაბნიან წიგნში, რომელსაც ისედაც სავსე აქვს ყოველდღიურობით გაფხეკილი ფურცლები. ყველაფერი უბრალოა. მაჯაში ხანდახან ტარაკნებს ვგრძნობ. ყველა ამბავი მეგობრის ამბავს ჰგავს. ზოგი ამბავი ჩემია. და ჩემს ამბებში, სცენაზე ასული ხანდახან შვებას ვგრძნობ. მერე მავიწროვებს ეს სისულელე. სპექტაკლზე იმიტო მოვედი რომ არ დამენახა საკუთარი თავი. სხვებზე მინდოდა მეკაიფა. არ ვთამაშობ მე ეგრე რა. აღარ მინდა. დამანებეთ თავი. თქვენ შიგ ხო არ გაქვთ! მე რა მინდა მანდ. რას შემეცით ამ რეალობით. რამე კონკია დადგით რა ან მაკნატუნა. Fროუზენი დადგით რა. კვირას მაინც ნუ მირტყამთ. არ მინდა. სიზმარი მირჩევნია ყველაფერს. მაგასაც ვერ ვაკონტროლებ მარა თუ არ მომწონს გავიღვიძებ და მერე ისევ დავიძინებ და თუ ამაღამ ვერ დავიძინებ, ხვალ დავიძინებ და თუ ხვალ არა, ზეგ ხო მაინც დავიძინებ რა. ჰოდა ზიხარ ამ მართკუთხედში. მე ვარ კედელი და შუაშიც მე ვარ და შუქი მაინც ჩააქრეთ, იმიტო რო ტეხავს, სუ ყველა მიცნობს და დამცინებს რა. ყველა ამბავი მე ვარ. ყველა ამბავი სხვაა. და ისღა დაგრჩენია გაიცინო, როცა არ გეცინება. და მოდუნდე. და წაიკითხო რასაც გეტყვიან, ის. გამოთქმით წაიკითხო. და არ გეშინოდეს. იმიტო რო ყველა შენსავით მინგრეულია. ყველას რაღაც სჭირს და არ იცის. ვაფშე დაიკიდე ყველა და დაიკიდე შენი ამბებიც და წარმოიდგინე რო სცენა სცენაა და მერე გამოხვალ აქედან და შენ მაგარ ცხოვრებაზე იფიქრებ. და შენ მაგარ ფეხსაცმელებზე იფიქრებ. და კიდე ახალ კურტკაზე, ფასდაკლება რო იქნება და რო იყიდი. მარა არა რა. მოდიხარ და რაღაც ყ*ეობებს ყვები და მაინც კანკალებ, იმიტო რო შემოვიდნენ შენში, შენ ტვინში შემოვიდნენ ვიღაცები, მაგრა გადაალაგეს ყველაფერი და კედლებზე ჩამოკიდეს ძველი სურათები და შენ კიდე დამბლადაცემული, მეტასტაზებით დაქლიავებული უყურებ და ნერვიული სიცილი გიტყდება. მე ვიცი ჩემი შიმშილი.

ხანდახან ესეც სასაცილოა, მაგრამ მშიერი კათარზისი არ არსებობს. იასამნისფერი, ყვითელი და ვარდისფერი სახლების კედლებთან მიიყრილ ძონძებში სძინავთ მოხუცებს. დაფაზე წითელი ნეონის ციფრები შეცვლიან ციფრებს. უწყვეტი შიმშილი, როგორც სიღარიბის მახინჯი ნაშიერი თან სდევთ ღვთისმოშიშ ადამიანებს. ესენი არიან 21-ე, "ინფორმაციისა და ბიზნესის საუკუნის" თბილისის უშნო სისხლჩაქცევები. ამათ ისე უნდა ჩაუარო, არ შეამჩნიო, თვალი არ გაგექცეს. თორემ შეიძლება შეგეცოდონ. და შეცოდებით იწყება ყველაფერი. მერე იმაზეც შეიძლება დაფიქრდე, წლების მერე, შენც რომ დაკარგო სახლი? შენც რომ მიგაგდოს შვილმა? შენც რომ არ გყავდეს დედა? და შენც რომ მოგშივდეს??? როდესაც ვდარდობ ან ვნერვიულობ, არ მძინავს. და როცა არ მძინავს, მაღიზიანებს ყველაფერი. და გაღიზიანებული ვის რაში სჭირდები. ყველას ღიმილიანი უნდიხარ. ყველას ლამაზი მოსწონხარ. უძილოს კი თმა გცვივა, ხელები გიკანკალებს, უშნოვდები. და თუ არავის სჭირდები, მარტო ხარ. და თუ მარტო ხარ, გეშინია. და მშიშრებს ზედ გადაუვლის ცხოვრება. და ამ ქალაქში დააბიჯებენ მარტო ისინი, ვის ყოფნასაც აზრი აქვს. მშიერი ხალხის ადგილი აქ არ არის. ხედს აფუჭებენ. ნაგავს ყრიან. სუნი ასდით. ღმერთი არ სწამთ. კანონს არღვევენ. ზარმაცდებიან. აღარ იბანენ... ამ ქალაქში არ არის მშიერი ხალხის ადგილი. და თუ მაინც და მაინც უნდა იყვნენ, გარეუბნებში გადავიყვანთ, იაფად გამოვუყობთ ადგილს. იქ არავინ შეუშლით ხელს და არც თვითონ შეაწუხებენ ვინმეს. წავიდნენ რა, აუშნოვებენ ქალაქს.

lay by me: https://www.youtube.com/watch?v=i2ruRtoK9kA

მე ყოველ დღე დავდივარ გარეთ. მე ვხედავ მათხოვრებს და მეზიზღებიან ისინი. და ამის გამო მეზიზღება საკუთარი თავი. მერე იმუნიტეტზე ვიწყებ მუშაობას. ვთავისუფლდები საკუთარი თავისადმი ზიზღისგან და მხოლოდ სხვებზე მერევა გული. ბევრს ვჭამ, ყოველ დღე. იმიტომ, რომ მეშინია, არ მომშივდეს. და აი ისიც, სახელგანთქმული 21-ე, "ინფორმაციისა და ბიზნესის საუკუნე"! დრო, რომელზე უკეთესი არასდროს ყოფილა! და აი მე, უფრო ლამაზი ვიდრე ვიყავი გუშინ. და ავადმყოფი.

შიმშილის ღმერთები ჩემთან ცხოვრობენ. მირეკავენ და მამოწმებენ. მწერენ და მესალმებიან. კარებს მიღებენ და თბილ ხელზე ცივ ხელს მისვამენ ხოლმე. ჩემ შესახებ ჩემს მეგობრებს ეკითხებიან და თუ ბარიდან ამოსული მარტო აღმოვჩნდი, გამოჩნდებიან სიბნელიდან პირდაღებულნი და დიდი ენით მასუნთქებენ შიმშილის ჰაერს, მოტკბოს და მჟავეს. და მერე მე ვარ, შიმშილის ღმერთი. და ყველა, ვინც ჩემთან შეხებას ცდილობთ, ვინც მემალებით, ან გეშინიათ, ყველა მონები ხართ თქვენი შიშის. დედამ**ტნული და მწარე შიშის.

გარეთ ქარია და წვიმს. თანდათან გრძნობ როგორ გეზრდება თითებზე ფრჩხილი.

ჩემი შვილები ჩემი შიდსია, გაყოფილი და გამრავლებული. ჩემი პარიზი ჩემი შიშია, დაბრუნების. ჩემი გაგუდული შვილი მე ვარ, ჩემი დამხრჩვალი ძაღლი. ჩემი ცეკვა ჩემი ავადმყოფობაა და გაუყოფელი ციფრები, ფული. ჩემი შიმშილი სიჩუმეა, გაფერმკრთალების მცდელობა, გაციების ვნება, სირბილი, აკვიატებული მელოდია. ჩემი შიმშილი ჩემი ღმერთია, მუხლებგადაყვლეფილი და დაკიდებული მარცხენა ფეხით, ნემსების სვეტზე.

არ ვიცი რას ისახავს მიზნად სპექტაკლი. ის დაცლილია ქანდაკებებისგან, ჩუქურთმებისა და მტკიცებებისგან. სამაგიეროდ სავსეა ნდობით, რომელზეც არასდროს არავის აქვს პასუხი. "შიმშილის ღმერთი" ბებერი გველეშაპია, რომელიც მორყეული ხერხემლის ჭრიალით ბევრ ამბავს ღიღინებს, არეული ლოგიკით და მარტივი სიტყვებით. "შიმშილის ღმერთი" - ამნეზიით დაავადებულ ტვინს ლოკავს თეთრი პითონი. მხრებზე გეფერება. მერე ისევ გარბის. ეცემა. მოცოცავს. მოდის. ჯერ გიყურებს. მერე გეხუტება. მერე გკოცნის. მერე ისევ გეხუტება და გადის. ეს არის სიმშვიდე - მშიერის მიერ დანაყრებულის ნუგეში, ღარიბის მოწყალება, ხელგამოწვდილი მდიდარი.

ყველაფერი ზუსტად ისეა, როგორც უნდა იყოს.

სახლში ვარ.
"შიმშილით" ტვინგაფატრული აღარ ვიცინი.
დავმშვიდდი.


რა შორს არის ახლა დღე, შუბერტი, წყალი.

ოთახში ბავშვი იჯდა კედელთან.
თავზე ეხურა ცისფერი ქუდი.
მე მენატრები, როცა ვერ გხედავ
და რაღაც უფრო საოცარს ვუცდი.
ყინვა აცეცებს გარეთ კიდურებს.
ჭრიალით დარბის და უხარია.
ბავშვი კი სკამზე ზის და მიყურებს,
როგორც ზაფხულის ხოჭო - კალიას.

No comments:

Post a Comment

Followers

Blog Archive