"სტრიპტიზის" აუცილებლობა



პირველი ნაწილი

12-ის 4 წუთია და წერას რომ მოვრჩები, ალბათ, უკვე შუაღამე იქნება. ჩემი ძილის დროს გადაცდა და თვალის ქუთუთოები დახამხამებისას უფრო და უფრო ზარმაცდებიან და იწელებიან. მზერაც ზანტია და სიტყვების აღბეჭდვასაც მეტი გონებრივი სიბეჯითე სჭირდება. თუმცა, ეს ყველაფერი შესაძლოა არა დროის, არამედ ქისის ბრალი იყოს...

დღეს კვირაა, წინასაახალწლო, უმოქმედო და ცივი კვირა დღე. დილით ოფისში შევირბინე რამდენიმე e-mail-სთვის. და მერე გადავწყვიტე, რომ დროა უკვე მივხვდე რა არის ბედნიერების არსი: სრული უბრალოება, ყოველგვარი თვითმნიშვნელობის და თავის მოკატუნების გარეშე, აი, მაგალითად, როგორც ერთი ჭიქის ერთი ადგილიდან მეორე ადგილას გადადგმა.

მებილეთე კაცი უკვე მცნობს. ჩემი სახელი არ იცის, მაგრამ იცის რომ ადრე ვუნახივარ. ხელს მიწვდის. მე მგონია, ბილეთისთვის. ის კი ხელს მართმევს. რა თქმა უნდა, არ ვიბნები, და ვეკითხები "როგორ ბრძანდებით-მეთქი". "კარგადო", მპასუხობს. ერთი წამით მიხარია, რომ რაღაც განსხვავებული და უცნაური მოხდა. აქამდე მეგონა, რომ ვერავინ მამჩნევდა და მე ვაკვირდებოდი ყველას, როგორც უცხოელი ოჩოპინტრე. ან ვინმე, ნაკლებბანჯგვლიანი. კიბეებზე ჩავდივარ და კაშნეს ვიხსნი, ისედაც სახეს მფხაჭნიდა მთელი გზა. ჩემი ადგილისკენ მივდივარ. ნინოც თავის ადგილას ზის. მიყურებს. ვესალმები. ისიც მესალმება.

უკვე დარწმუნებული ვარ, რომ ნამდვილად მამჩნევენ. "რიგითი მაყურებლის" სტატუსი გარდაიქმნა "აი ის ბიჭი რომ დადის"-ად. და მიხარია. ხომ ვთქვი, ბედნიერება ისეთივე უბრალო რამაა, როგორც იმავე ჭიქის მეორე ადგილიდან მესამე ადგილას გადადგმა-მეთქი.

დრო მალე გადის. ლოდინისას ვაკვირდები ჩემს პერანგს მუცელზე, შარვალს, შარვალზე ჩემი ძმის ნაჩუქარ კაშნეს და ხელებს. და გული მწყდება, რომ ვერასდროს შევძლებ სხვისი გადმოსახედიდან შევხედო ამ ყველაფერს. სამაგიეროდ, არსებობს მილიარდობით სხვა ადამიანი. And much like snowflakes, none of them are identical.

"სტრიპტიზი"

პიესის ავტორი არ ვიცი. მარიამი, ჩემი მეგობარი და ფრანგულის ჯგუფელი, რომელსაც შემთხვევით გადავაწყდი, ამბობს, რომ რომელიღაც უცხოელი დრამატურგისაა და თარგმნეს (პიესის ავტორია სლავომირ მროჟეკი, შესწორებულია მრავალი დღის შემდეგ, აფიშის უფრო გულდასმით წაკითხვის შედეგად). მე მგონია, რომ უცნაურად გამართული წინადადებები ხელს მიშლის გავითავისო და თავი ჩავიკარგო შინაარსში. შეიძლება, ეს მართლაც უბრალოდ თეატრის სპეციფიკაა. (აქ მახსენდება "მოახლეები", რომელმაც მაგრა "მოიტანა".)

თავაძე მართლა ძალიან მაგარია. სცენაზე არასდროს მინახავს. სცენის მიღმა, მისი შემოქმედება საინტერესო იყო ("ტროელი ქალები", "ტკივილი არის ახალგაზრდობა"). პირველი რიგიდან ვუყურებ. როცა მეკითხებიან, რატომ მიყვარს პირველი რიგი, ყოველთვის ვპასუხობ, რომ შორიდან ვერაფერს დავინახავ (დაქვეითებული მზერით აპელირება სინდისს უღვიძებს ცნობისმოყვარე ადამიანებს, და ხანდახან საინტერესოა აკვირდებოდე მათი გამომეტყველების ცვლილებას). მაგრამ, დღეს დავფიქრდი და, სრულიად შესაძლებელია, რომ უბრალოდ, ქვეცნობიერად, მე თვითონ მინდა ვიყო "ნანახი" მსახიობების მიერ.

Back to Tavadze. ყველაზე მეტად ხმის ტემბრი მამახსოვრდება, ხანდახან უცნაურად დაუდევარი, ხანდახან სპეციფიურად დახვეწილ-ჩამოსხმული, და უფრო ხშირად - აკვიატებურად თავისებური. (ნეტა ჩურჩულისას როგორი ხმა აქვს?!) ხანდახან ვფიქრობ, რომ ჩემი ბავშვობის მეგობარი იყო, დიდი ხნის წინ დავივიწყე და ეხლა მახსენდება. პრინციპში, ჩემს თეორიას თუ დავუჯერებთ, თავაძეც მე ვარ, ინაურიც და მაყურებელიც. და საერთოდაც, ნებისმიერი სხვა ინდივიდი არის ჩემი მომდევნო ან წინა ინტერპრეტაცია, სხვა სხეულით, ლოგიკით, გონებითა და ღირებულებებით. ნეტავ ძალიან ძნელია წონასწორობა დაიცვა შავ სივრცეში შაკარგულ წრიულ ზედაპირზე? თუ მართლაც ძნელია, ამას იდეალურად ახერხებს ორივე, და განსაკუთრებით თავაძე, რომელიც სიტყვის აბსოლუტური მნიშვნელობით, თამაშობს! იცით რა არის ამ სპექტაკლში ყველაზე კარგი? ზუსტად ის, რომ თავაძე ბავშვური გულწრფელობით თამაშობს. თვითონაც კაიფობს რა. და, სხვების არ ვიცი, მე კი მაგარი მგონია ყველა, ვინც საკუთარ თავზე კაიფობს. ერთადერთი, ის ტეხავს, ეშხში შესულებს ძალიან რო ევასებათ ხოლმე საკუთარი თავი.

უცნაური კიდევ იცი რა არის, ამდენ უცნობ ადამიანთან ერთად ასეთ ინტიმურ გარემოში თავს უხეხულად რომ არ გრძნობ.

სად მიდიან მსახიობები სპექტაკლის შემდეგ?

თავაძე ყვირის, ბუტბუტებს, ხან ყიყინებს და ხან დიდაქტიკოსობს და შენ ამაზე ერთობი, თან ისე, რომ არც ერთხელ არ გახსენდება დრო. სიტყვები მოძრაობენ შენი თავის ქალის შიგნით და მის მიღმა. ინაური უფრო აუცილებლობით გამოწვეული ერთფეროვნებით დატვირთულია. თავისუფალების არსი ის არის, რომ თავისუფალი ხარ არჩევანში, და არჩევანის გაკეთება უკვე გზღუდავს თავისუფლებისგან, იმიტომ, რომ უკვე გადადგი ნაბიჯი ერთ-ერთი შესაძლო ვარიანტისკენ. მაგრამ, არჩევანის თავისუფლების წინაშე გაყინული დგომაც ხომ არჩევანია, შესაბამისად, გაუგებარია იშლება თუ არა თავისუფლება საკუთარ არსში. მოკლედ, ამ ყველაფერზე ფიქრი ძალიან მარტივია. და "არ ღირს".

სპექტაკლი სავსეა მოქმედებებით, თუმცა - არა მკაფიო დანიშნულების ემოციით. აქ ვერ მიხვდები უნდა გიხაროდეს, თუ უნდა იღადაო, გეშინოდეს, თუ იქვითინო. ვერც იმას მიხვდები სად უნდა დაუსტვინო და სად არა (და დღეს განსაკუთრებით). მამიკოს დიდი ხელი თითის წვერებზე ატარებს ორივეს. სპექტაკლი ერთი გრძელი, მითითებითი (პირდაპირი მნიშვნელობით) სტრიპტიზია მამიკოს დავალებით, სადაც მოქმედი გმირები "ისე რა როჟები" არიან, "ისე რა ტრუსებით". ხელი, რომელიც თავიდან გველის თავის ქალას ჰგავს, მესამე პერსონაჟია. და სავარაუდოდ მას უჭირავს ინაურის წითელი ბოას მეორე ბოლო. წითელი ბოა მეოთხე პერსონაჟია. და რა მოსაწყენი იქნებოდა სპექტაკლი მის გარეშე!

ბოთლი შემთხვევით ვარდება წრიული სიბრტყიდან სცენაზე. და შემთხვევით ცვივა ტელევიზორიც და სათვალეც. სავარაუდოდ, სცენაზე უნდა ეგდოს წარმოსახვითი ანკესიც, თუმცა, მისი არსებობა (ისევე, როგორც ჩვენი) არ შეიმჩნევა.

ინაური ჩაით სავსე ჭიქას სულს უბერავს და ბოდიშის მოხდას "აიძულებს" მუხლგადაყვლეფილ თავაძეს, რომლის ექსცენტრიული ფინალი, იმდენად დამაბნეველია, რომ შთაბეჭდილებებს "შემდეგი რა იქნება" ფარავს. და ყველაზე მაგარი რა არის იცი? როცა ეს "თეიმურაზი" იძულებით ბოდიშს იხდის არსებობისა და ყველა გაკეთებული არჩევანის (შესაბამისად კი უარყოფილი თავისუფლების) გამო, ფერადი პროჟექტორების ფონზე ინაური ცეკვავს!!! ოღონდ დასტოინად, როგორც შუბერტს შეეფერება.

12:13. ხვალ ორშაბათია. იმედია ოდესმე ამ ქალაქშიც მოვა თოვლი.

პ.ს. შეგახსენებთ, რომ ეს არ არის ობიექტური ან ოდნავ კომპეტენტური რეცენზია (მაინც), არამედ - უბრალო ჩანაწერი. ამიტომაც იბეჭდება ასე თამამად, ზედმეტი დაფიქრების გარეშე.

და მაინც, ბედნიერება ზუსტად ისეთივე მარტივია, როგორც ზემოთხსენებული ჭიქის მესამე ადგილიდან მეოთხე ადგილას გადადგმა.

_____________________________________________________________________________

მეორე ნაწილი

დილით 7-ის ნახევარზე მეღვიძება. გარეთ ღამენათევი დილაა ჯერ.

ცივა და ყველაფერი გენიალურადაა. ზუსტად ისე, როგორც უნდა იყოს. როცა ცივა, განსაკუთრებით. სულ მეგონა, რომ დედამიწის ბრუნვის საწინააღმდეგო მიმართულებით ბრუნვაშია ის, რასაც ყველა ეძებს. ნელ-ნელა ვაცნობიერებ, რა დიდი სისულელეა დედამიწა და მის მიერ მოხაზული არაფრისმთქმელი წრეები.

თეთრი პერანგის საყელოს ძველი მეგობრის ნაჩუქარი სუნამოს წვეთი შეახმა. მხოლოდ ისეთ დეტალებს აქვთ ფასი, რომელიც მარტო მე ვიცოდი, სანამ 2 სხვა მკითხველშიც არ გავაბაზრე. ისევ მივდივარ "სტრიპტიზზე". ამჯერად, მარტო არა. ქრისტინასთან ერთად, რომელსაც ჩემზე უკეთ ესმის სამსახიობო ხელოვნებაც, რეჟისურაც და, ალბათ, ცხოვრებაც. ამიტომ, საინტერესოა მისი მოსმენა. ზოგადად, საინტერესოა ადამიანების მოსმენა და თუ ვინმეს სურვილი გაქვთ მელაპარაკოთ, ესაა თქვენი შესაძლებლობა. მელაპარაკეთ, სანამ მომბეზრდება.

არაფრისმთქმელი 8 საათის შემდეგ შემიძლია თავისუფლად დაველოდო საღამოს მე-8 საათს, როცა სამეფო უბნის თეატრში დაიწყება სპექტაკლი.

კაცმა, რომელიც ბილეთებს ამოწმებს, უკვე იცის ჩემი სახელი. მე, ჯერ კიდევ არა.

დღეს გაცილებით მეტი ვიცინე, ვიდრე პირველი ნახვისას. ყურადღებით ვუსმენდი. სცენარი ძალიან მაგარია და რეჟისორი, ნიკა თავაძე ამ მაგარი სცენარისგან ჩადის სიღრმეებში, რომლებიც სასაცილოდ მარტივი გეგონა.

სპექტაკლს, ალბათ, ბევრი მთავარი თემა აქვს. ან ერთი. მაგრამ, მე ყველაზე მეტად მაინც კონტრასტის თემა მაინტერესებს. დღეს პირველად ვიფიქრე, რომ ორივე პერსონაჟი, შესაძლებელია, ერთი და იგივე პერსონაჟის ორი განწყობა იყოს: პედანტურ-მოწესრიგებული და ექსპერიმენტალურ-აქტიური. ეს მრგვალი სივრცე, სცენის შუაში, შეიძლება სულაც ერთი ადამიანის ტვინია, სადაც ბევრი სხვადასხვა ადამიანი ცხოვრობს. ამ შემთხვევაში, მხოლოდ ორი. ან, შეიძლება სულაც პროტესტია, მკაფიო და ყოველგვარ ღრმა აზრს მოკლებული, დიქტატურის (კარნახის) აუცილებლობის და გარდაუვალობის წინააღმდეგ. ან, უბრალოდ კიდევ უფრო მარტივი, ელემენტარული ფანტაზიაა, უცნობ ნისლში აღმოჩენილი ორი მეტ-ნაკლებად გროტესკული პერსონაჟით. შეიძლება, მთავარი იდეა თავისუფლებაა, და რომ თავისუფლება მაშინვე აღარ არსებობს, როცა მისი არჩევანის გზებად დაყოფა ხდება. შესაძლოა თავისუფლება ბუნებრივი, გაუცნობიერებელი ცხოვრების მეთოდია. მაგრამ, მე მაინც კონტრასტი უფრო მაინტერესებს და სახლშიც ვფიქრობ არის თუ არა სიცოცხლის პასუხი სიკვდილი ("სიცოცხლე და ..? სიცოცხლე და ..?). სიკვდილი, როგორც უცნაური ყოველდღიურობა, გაცილებით დიდ მეტოქეს არ იმსახურებს?

დარბაზს სიშიშვლე ამხიარულებს. იცინიან სიხარბის დასამალად, დაძაბულობის მოსხსნელად, თავაძის მიმიკებზე, ინაურის წარბშეკრულ უკმაყოფილებაზე, ერთმანეთის სიცილსა და საკუთარ სიცილზეც. ვიცინი მეც, იმიტომ, რომ სასაცილოა ორივე ტიტლიკანა ზაზუნა.

ცოტა რამ მსახიობების შესახებ:

ინაური - პირველი ნახვის შემდეგ შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მთავარი მსახიობის აქსესუარი უფრო იყო, ვიდრე - დამოუკიდებელი პერსონაჟი. ერთი სიტყვით, ვცდებოდი და რა კარგია. ინაური არ არის მოქმედება მხოლოდ უმოქმედობის კონტრასტის შესაქმნელად. ის დამოუკიდებელია და თავისი "ჩვეულებრიობით", ძალიან საინტერესო. მისი მიმიკები, ქცევები, უქამრო შარვლის გასწორების დეტალები მხოლოდ მაშინ გამხიარულებს, როცა ამჩნევ. და მე თუ მკითხავთ, ინაური არანაკლებ სასაცილოა, განსაკუთრებით, როცა წელგამართული, სულსწრაფი ენთუზიასტის ნდობით აცმუკებული შემთხვევით ვარდება შავი კუბიკიდან; ან, როცა ცდილობს იყოს ზუსტად შარვალაკაპიწებული მეთევზე, ვინც ცოცხალი თავით არ იქნებოდა ამხანაგი თავაძე; ან, როცა მრავლის-მნახველი, მნიშვნელოვან გამოცდილება-მიღებული გამომეტყველებით ბრუნდება სინათლით სავსე ოთახიდან პატარა, ფრთხილად გაწვრთნილი, დასტოინი ფინიასავით.

თავაძე - რა კარგია, რომ აქვს ზუსტად ისეთი ცხვირსახოცი, როგორიც 90-იანების მამაჩემს ჰქონდა; რა კარგია, რომ ეძინება ინაურის მხარზე თავჩამოდებულს, სანამ ინაური კარებზე დასაკაკუნებლად გაეპარება; რა კარგია, რომ "მიემართებოდა" და არ მიდიოდა; რა კარგია, რომ სპექტაკლის განმავლობაში არც ერთხელ ბოლომდე არ გაუმართავს მუხლები; კარგია, რომ თვითონაც ერთობა და კარგია, რომ ვერ წარმოგიდგენია, როგორ შეიძლება იყოს თავაძის პერსონაჟი ასეთი სერიოზული და კომიკური ერთდროულად; რომ მარტო დარჩენილი, წყალს აბუყბუყებს და შადრევანივით ამოაფრქვევს; რომ 'un peu' გაფურთხებს პირში ჩაგუბებულ, ნერწყვნარევ წყალს და მერე მთელი მონდომებით სრიალებს და სრიალებს; რომ მოულოდნელად, "ზოლებიც-კი-ერთნაირი-გვაქვს" ტრუსებით აცნობიერებს, რომ ნისლში კი არა, სცენაზეა - და აკეთებს იმას, რასაც გავაკეთებდით ნებისმიერი თავმოყვარე ჩვენგანი: იჯერებს, რომ ყოველთვის იცოდა ვინ იყო, სად იყო და რატომ. ხოლო, იმის დასამტკიცებლად, რომ სინამდვილეში თამაშობდა, მეტი მონდომებით ცდილობს აბსურდული სიგიჟით ცანცარს. თავაძე ჩვეული მანერით აცოცხლებს ტიპს, რომელსაც უმოქმედო თავისუფლებით "ჭკუიდან გადაყავხარ". იძულებითი ბოდიში კი სპექტაკლის ბოლოს ჩვენი ყოველდღიური საცოდაობაა. ბოდიში მამას, რომ არ ხარ კაი როჟა; ბოდიში საზოგადოებას, რომ არ ხარ ალტრუისტულად სასარგებლო და საყოველთაოდ მისაღებ-მოსახმარი; ბოდიში უფროსს, რომ არ ხარ თუთიყუში და კიდევ უარესი, არც კი გყავს თუთიყუში, რომ ისწავლო, როგორ იყო თუთიყუში; ბოდიში მეგობრებს, რომ ვერ ამართლებ მათივე მოლოდინებს მათივე სირმა ტვინებმა რო წარმოიდგინეს; ბოდიში იმას, ვისაც ჟიმავ, რომ ძველებურ ფორმაში ვერ ხარ და იმაზე მეტს ჭამ ვიდრე ცხოვრებისთვის აუცილებელი მინიმუმია; და ბოდიში საკუთარ თავს, რომ გიწევს ამ იძულებითი, "გენერალური" ბოდიშის მოხდა.

შუაღამეს გადასცდა. თითქმის მძინავს. სპექტაკლის შემდეგ დავლიეთ ჩაი "ფამილარული" თაფლით და სიცივით დაბზარულ ტუჩებს ისევ ასდით მძაფრი, ლურჯი სიგარეტის ღერების სუნი. ძილინებისა.

Followers

Blog Archive