"I am falling. I am falling." - ფრეკენ ჟული


შესაძლებელია თუ არა სიცოცხლის არსის ერთი ზედსართავი სახელით გადმოცემა?
დიახ.
სიცოცხლე ფეთქებადია.

დღეები გადიან იმაზე სწრაფად, ვიდრე ადრე. სადილიდან სადილამდე. დილიდან დილამდე. 6 საათიდან დილის 10 საათამდე და მერე ისევ 6-მდე. ვარჯიშიდან ვარჯიშამდე. ჩემი ყოველდღიური ცხოვრებიდან ღამეები ამოვარდნენ. ღამე, ადრე ფიქრთან ასოცირდებოდა. ეხლა, ძილთან. ვცდილობ დეტალები დავიმახსოვრო. ვებღაუჭები ემოციებს.

კარების სახელური დილით ცივი იყო.
ჩაიდანი ცხვირით კედლისკენ.
გზაში ქალმა მძღოლს უთხრა: "აქ გამიჩერეთ, რა".
დახეული ჯინსებით მივდივარ.
დიდი ხანია ფრინველები არ მინახავს.

შავი ქალები ქსოვენ პერანგებს
და კატებს ფრთხილად აცლიან ბეწვებს.
და თუ ფრინველი ფანჯრებს ვერ აგნებს,
ყველა კედელი მხრებით დალეწეთ
რომ გახლეჩამდე გაშლილი ფრთებით
(სანამ სიცოცხლის კოცნით დაფრთხება)
დაკაწროს ლურჯი ცის სარდაფები
და მერე მოკვდეს ამ სარდაფებთან.

მე თავგანწირვით ვცდილობ აწმყოს განივთებას. ბოლოს და ბოლოს, ოდესმე ხომ სხვა პლანეტამდეც გავცურავ. და არ მინდა დედამიწა დამავიწყდეს.

"All boys steal apples."

დილით ოფისში არავინაა. ვიწრო სათავსო ოთახში ვიხდი ზამთრის ფეხსაცმელებს და დახეულ ჯინსებს. ვიცვამ ნაცრისფერ შარვალს, შემთხვევით რომ მაჩუქა ერთმა. მერე შავ ფეხსაცმელს, რომელსაც ლურჯი თასმები აქვს და სიარულისას მნიშვნელოვანი ადამიანის ფეხის ხმას გამოსცემს. შემოსასველის სარკეში ვაკვირდები საკუთარ თავს. უფრო ზუსტად, საკუთარ ცხვირს და წარბებს. ბოლოს და ბოლოს, როდის უნდა გამიჩნდეს წარბებს შორის ღრმა ნაოჭი მოაზროვნე ტვინის ნიშნად?! სარკე იორთქლება და ორთქლზე თითით ვწერ: "პონტი არაა". სხვა არაფერი მომდის თავში.

რამდენიმე დღის წინ დავიწყე "ფრეკენ ჟულის" შესახებ კითხვა. ჯერ ერთი ფილმი ვნახე, მერე სხვა ეკრანიზაციის ჩანაწერები. მერე 2014-ის ფილმი. შუადღეს პიესა ამოვბეჭდე. ერთი სული მაქვს, როდის მოვა 6 საათი, რომ კითხვა დავიწყო. 6 საათზე ჩემი უფროსიც ბრუნდება ოფისში. სხვა არავინაა, ამიტომ, მის დოკუმენტებს მე ვასკანერებ ეგზომ ჩაფიქრებული სიფათით და ვადუღებ ჩაის. უფროსი მიდის და მე, წინ და უკან სიარულით, ხმამაღლა ვკითხულობ პიესას. ნახევარ საათში მოდიან დამლაგებლები. ბეჯითად მესალმება დედა-დამლაგებელი და ამბობს, რომ გარეთ ცივა, აქ კი სითბოა. მე მახსენდება ღია ფანჯარა და ვკეტავ. მერე ხმამაღლა ვაგრძელებ კითხვას. 7:23-სთვის ვასრულებ.

თეატრში მხვდება სალომე. ერთად ვსხდებით და ერთმანეთს ვუყვებით ამბებს. დათო მიხსნის სად უნდა დავჯდე, რომ კარგად დავინახო. ნინო მესალმება და ცარიელ დარბაზში უჩინარდება. რა უცნაურია, სპექტაკლზე პირველად მისულმა ზუსტად იცი, რომ ამ ჯადოსნური კარების მიღმა, სულ სხვა სამყაროა. და იქიდან სულ სხვანაირი გამოხვალ. თუმცა, ალბათ, ადამიანები მაგიასაც შეჩვევით აუბრალოებენ. დარბაზში შესვლისას სკამებზე მეტად ინაურის ხმა და მსახიობები იქცევენ ყურადღებას. ამიტომ, ვიბნევი. როგორც ყოველთვის. ვხედავ, რომ დათო სკამებთან დგას. მე მგონია, რომ ვერ მოასწრეს ყველა სკამის დაწყობა და ბოლო ცვლილებები შეაქვთ განლაგებაში. ამიტომ, მგასასვლელთან ახლოს ვჯდები. პირველი რიგის სულ ბოლო სკამები. სალომე ჩემ გვერდითაა და მიუხედავად იმისა, რომ სიცივეზე წუწუნი უკვე მოასწრო, მაინც თბილი სუნითაა გაჟღენთილი მისი ფუმფულა თმა.

"Kiss my hand and thank me!"

"ფრეკენ ჟული"

(ბეთჰოვენის მე-7 სიმფონია)

პიესის ავტორი: August Strindberg
რეჟისორი: დათა თავაძე
თარგმანი: დათო გაბუნია

ფრეკენ ჟული გრაფის 25 წლის ქალიშვილია. სპექტაკლი 2 საათს გრძელდება, ანტრაქტის გარეშე (ზუსტად ისე, როგორც სტრინდბერგს სურდა). არსად იკარგება ის ემოცია, რომელიც ფრეკენ ჟულის აცოცხლებს. სპექტაკლი სავსეა მონაკვეთებით, როცა ღრიალებ, ხარხარებ, იბრძვი, მივარდები და გამწარებით ურტყამ, კბენ, კაწრავ, კოცნი, ხელში იყვან, ისვრი, ეჩურჩულები, ეხუტები, დასცინი, სტკენ, გიყვარს... თავაძე ახერხებს ფრეკენ ჟულისგან შექმნას მრავალფეროვანი ცხოველი. და თუ ფრეკენ ჟული ცხოველია, მე მისი პატარა, ხუჭუჭა გასართობი ბიჭუნა ვარ. მწევარი კი, რომელიც ყოველთვის გარბის, იმორჩილებს შენს გულის ცემას. გასაბერი არსებაც მე ვარ, და მთლიანად მაყურებელი, რომელიც ისეთივე რეგვენია, როგორც გაშეშებული, გაუ-ვნებ-ელყოფილი თოჯინის სახე. ალბათ, ღამით ისევ დამესიზმრება თეატრი. იმიტომ, რომ დროებითი სამყარო, რომელსაც თავაძე და გაბუნია აყალიბებენ, სავსეა აზრებით.

თარგმანის შესახებ ბევრს ვერაფერს ვიტყვი. ჩემს თავშიც ზუსტად ასე ჟღერდა წინადადებები, როცა რამდენიმე საათით ადრე ვკითხულობდი პიესას. წინასიტყვაობა, რომელითაც მკაფიოდ გესაუბრება სტრინდბერგი თეატრისა და მისი დანიშნულების შესახებ, ხსნის მთავარ ღირებულებას, რაზეც დგას სამეფო უბნის თეატრი - ეს არის ოთახი, სადაც მეოთხე კედელი მაყურებელია. და სადაც ლაპარაკობენ შენთვის და შენთან ერთად და არა შენ მიმართ.

ფრეკენ ჟულის სცენებს რამდენჯერმე წყვეტს 6 პერსონაჟი, რომელიც ისეა ჩართული სპექტაკლში, რომ ოდნავადაც არ იპარავს მთავარი თემის არსს. და მაინც, რა არის მთავარი თემა? ამბიცია? ფარისევლობა? მიზანდასახულობა? თვითმკვლელობა? ბურჟუაზია? სოციუმი? გრაფის ქალიშვილის გაჟიმვა?

მთავარი თემაა თავისუფალი თვითდამცირება, როცა მაღალ სვეტს შესახლებული ცდილობ მიწაზე დაშვებას, ცდილობ იყო ისეთივე უბრალო და ჩვეულებრივი, როგორც სხვები. ამიტომ იცინი იმაზე რაც არაა სასაცილო შენთვის, მაგრამ სხვებისთვის არის. ცეკვავ ისე, როგორც არასდროს იცეკვებდი, რადგან სხვები ცეკვავენ ასე. სვამ იმას, რასაც სხვები სვამენ. იმცირებ თავს, რომ ვიღაცას შეუყვარდე მაინც, ისე, თუნდაც, ჩვეულებრივად. და მაინც, ისევ იმ სვეტზე ზიხარ. და გული გწყდება, რადგან არავის უყვარხარ.

"ვდგავართ და სიზმრებზე ვლაპარაკობთ!"

იმდენს ვიცინი, რომ ყვრიმალები მტკივა. ლებანიძე! დარწმუნებული ვარ, ლებანიძის მონოლოგის შემდეგ სიცილით გათიშული ხმას ვერ ამოვიღებდი. თითით ვცდილობ ლოყების დაზელას. და ისევ მეცინება. ჩვენც ეგეთი შტერული სიზმრები გვაქვს.

აი, მაგალთად, გუშინ დამესიზმრა, რომ თეატრის სცენა გადაჭედილი იყო სხვადასხვა ზომის გრანიტის კუბებით, ზუსტად ისე, როგორც ბერლინის ჰოლოკოსტის მონუმენტი. მე ერთ-ერთ ასეთ კუბზე ვიჯექი და ვუყურებდი როგორ უყვიროდა კატო გოგლი-მოგლის შესახებ მაისაშვილს რაღაცას. მაისაშვილი სხვა კუბიდან დოინჯშემოყრილი ხმადაბლა ლანძღავდა ყველას. სცენის ბოლოს, კარი ღია იყო. და კარებს მიღმა ჩანდა ხის მსხვილ ტოტზე დიონისესავით გაწოლილი თავაძე. და მე არ მესმოდა რატომ იწვა ტოტზე, როცა ტოტის ქვეშ თავისუფალი ჰამაკი ეკიდა. მერე კახიძე გამომელაპარა. მე მჯეროდა, რომ მოჩვენება ვიყავი და შესაბამისად, წესით, ვერავინ მხედავდა. ამიტომ თავი მოვიკატუნე, თითქოს კახიძის შეკითხვა ვერ გავიგე. მერე იმან ხელი მკრა და კუბებს შორის ჩავვარდი. კატო ისევ აგრძელებდა ყვირილს გოგლი-მოგლის შესახებ.

ისე, ინაურის გაშიშვლება კარგად დაამუღამეთ.
და მაისაშვილის სიზმარი საკუთარი დის შესახებ "ტროელი ქალების" უკანასკნელ მონოლოგს მახსენებს.

"Kiss my shoe!"

იაკო ჭილაია - ფეხმძიმე პატარძალი ფორტეპიანოსთან. მონოტონური, მარტივი მელოდია ნელ-ნელა მითრევს. ჯერ თითებში გაივლის, როგორც ელექტრონების თანმიმდევრული ფირი. მერე მარცხენა მუხლში სახლდება და აიძულებს მარცხენა ტერფს ურცხვად იცახცახოს სანამ ჭილაია არ შეწყვეტს დაკვრას. საერთოდაც, სპექტაკლი ხასიათდება მთელი ჩემი სხეულის ჩართულობით. თავად ჭილაია კი ხასიათდება, კარგად. როგორც ჩემი გიტარის მასწავლებელი მეუბნებოდა, ნამუშევარი რომ აქვს, ეტყობა. პირველად "ბეჩავში" ვნახე. და მეორედ "ბეჩავს" სწორედ ჭილაიას გამო ვნახავდი.

ანა წერეთელი - ფლეიბოის კურდღელი. იმედია, ის ადამიანები, ვისაც არ გინახავთ სპექტაკლი, მიხვდებით, რომ ეს განმარტებები ჩემი ფანტაზიის ნაყოფია. სამწუხაროდ, სტრინდბერგის დროს არ არსებობდა ფლეიბოი, შესაბამისად, ასე თამამად სწორედ მე შევადარე მსახიობი ფლეიბოის bunny-ს. წერეთელი "დიდ შესვენებაში" ვნახე პირველად. მაშინ მის შესახებ ბევრი არაფერი დამიწერია. რა მნიშვნელობა აქვს, რატომ. ფრეკენ ჟულიში, წერეთელი არის ის ტროპიკული ფრინველი, რომელიც მრავალფეროვანს ხდის სპექტაკლს, თუმცა, ამის გარდა დიდი ფუნქციური დატვირთვა არ აქვს. ვაღიარებ, რომ მეც კი არასდროს მომსვლია თავში სიგარეტის ბოლის ადამიანური ჯაჭვით გადაწოდება. თუმცა, მადლობა იდეისთვის, თავაძე! და აი ზუსტად ამ ეპიზოდშია მთერი ხიბლი! რომ არა წერეთელი, რა მოსაწყენი და უადგილო იქნებოდა მთელი ეს პროცესია.

ლებანიძე - petite Marilyn! როგორც ყოველთვის, ლებანიძე გლიჯავს. კი არ გლიჯავს, გ-ლ-ე-ჯ-ს! მხოლოდ მაგდა შეიძლება იყოს ასე ბუნებრივად სასაცილო და "ზებუნებრივად ადამიანური". მისი მონოლოგი, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანია და გული მხოლოდ იმაზე მწყდება, რომ რიგის ბოლოს ვიჯექი, მონოლოგის დროს ლებანიძის პროფილს ვხედავდი მხოლოდ. აი, რატომ უნდა ვენდოთ დრამატურგებს. მართალია, შესაძლოა შენგან ერთი გროტესკული აფიშა შექმნან, მაგრამ ნდობა მაინც ღირს. სპექტაკლის განმავლობაში რამდენჯერმე მომეჩვენა, რომ ლებანიძე მიყურებდა, თუმცა, მაყურებელი ერთგვაროვანი მასაა და არა ინდივიდი. და, მეც სიზმრებზე ვლაპარაკობ.

მაისაშვილი - Marilyn ordinaire. სალომეს გიჟური კრუნჩხვა შათირიშვილის მონოლოგის დროს არის ჩემი ზუსტი ილუსტრაცია, როცა მეგობრები სერიოზული სახით საუბრობენ პირად ცხოვრებაზე. სალომე მეზობლის გოგო-Marilyn არის. ზუსტად ისე აკვირდება ფრეკენ ჟულის, როგორც დივანზე მოკალათებული საჭორაოდ მომართული ვიღაცის რამდენიმე-წლის ცოლი - დაქალს, ყავის მოდუღებისას. პარიკიც თითქმის ყავისფერი ნაჭრის რეზინით აქვს შეკრული და სრულიად მიწიერ Marilyn-ს თამაშობს. თუმცა ხანდახან, როცა გიყურებს, გიყვება, გელაპარაკება, ხვდები რა საინტერესო იქნებოდა მის მიერ, თუნდაც უბრალოდ წაკითხული "ჩვენც სალტკროკელები ვართ".

ინაური - ყველა სპექტაკლში ისეთი სერიოზული იყო, რომ დავასკვენი, იშვიათად იცინის-მეთქი. მაგრამ, აი ლებანიძის სიზმრის დროს, მე, სიზმარზე მეტად ინაურზე მეცინებოდა. იასამნისფერი კაბით მორბენალი სწრაფად იჭერს და "ასწორებს" პერსონაჟებს. და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ დაავიწყდება თანმიმდევრობა და რომელიმე დაუვარდება. გასაბერი ქალის ინსტრუქციებს ზუსტად ისე კითხულობს, როგორც ჩემი ფიზკულტურის მასწავლებელი - სიას. და ყველაზე მეტად მაშინ გაინტერესებს რა გამომეტყველება აქვს, როცა სცენაზე აგდია უცერემონიოდ, მოკუნტული, ნახევრად ჩაფუშულ ქალს-ჩაბღაუჭებული.

კახიძე - გამხდარი მკლავებით, ლურჯი კაბით და მეოცნებე თვალებით ციცინათელების პრინცესა ბაიას ჰგავს. და ბოლოს, როცა წითელ ხალიჩაზე, საკუთარ სკამზე ჩამომჯდარი გადახედავს მაგიდაზე გულაღმა გაწოლილ წერეთელს, გახსენდებდა, რომ კახიძე ძალიან ჰგავს ფრეკენ ჟულის. და გაინტერესებს როგორი იქნებოდა კახიძის ჟული. "ტკივილი არის ახალგაზრდობაში" კახიძე ძალიან ძლიერი იყო. სადღაც ქრებოდა მისი გამხდარი სხეული და სცენა ენერგიით ივსებოდა. დღეს კი ის ერთ-ერთი ბედის პოპ-ქალღმერთივით ჩვეული მოწყენილობით აკვირდება ჟულის ფლირტს. მე არ გამიკვირდებოდა, კახიძეს რომ ფრთები ჰქონდეს. სიზმარში არა, სინამდვილეში. ყველაზე მეტად ის ჰგავს ფრინველს.

შათირიშვილი - კრისტინი. შათირიშვილის კრისტინი გაცილებით აქტიურია, ციდრე - პიესის კრისტინი. ის მოქმედებს! მართალია, თავშეკავებით და ფრთხილად, მაგრამ ის ინდივიდია. თავაძის მეშვეობით კრისტინი გაცილებით მკვეთრი პერსონაჟი გახდა, ვიდრე აქამდე წარმომედგინა. მისი სიტყვები მოკლეა. და ასეთ ხასიათს ზუსტად "სვამს" შათირიშვილი, რომლის შეუვალი, ქანდაკებრივი სიმტკიცე სიცივედ ჟონავს. და მაშინაც, როცა ის ჩამორბის კიბეებზე და კედელს ეკვრის, გრძნობ, რომ კრისტინი უფრო მყარია, ვიდრე - ზამთრის კედელი, და სავსეა შიშით, როგორც ძლიერი, მაგრამ დამფრთხალი ცხოველი.

ფრეკენ ჟული და ჟანი სხვამენ Bombay Sapphire-ს. ჯინი ერთადერთია სასმელებიდან, რომლის დალევის დროსაც თავს ისე ვგრძნობ, როგორც დორიან გრეი.

შარვაშიძე - ჟანი. ჟანი ის პერსონაჟია, რომელიც მეზიზღება. თითქმის არავინ მეზიზღება, მაგრამ ჟანი გამონაკლისია, ძალიან დიდი გამონაკლისი. მისი მდაბიო პედანტიზმი, სიმხდალე, დამოკიდებულება. შარვაშიძე ზუსტად ახერხებს ჟანის ხასიათის გადმოტანას. და ზიზღს ხან სიბრალული ცვლის, ოღონდ არა სიბრალული ბავშვის მიმართ, არამედ უფროსის საცოდაობა. ჟანი, რომელიც ყოველთვის "ხის ძირას იჯდება" ცდილობს სირცხვილის თასმებით დაიმორჩილოს ფრეკენ ჟული. და ფრინველის მაგივრად თვითონ იგლეჯს თავს. ჟანი სრული არარაობაა, გაუფასურებული, რაციონალ-რეალისტი პლასტმასი, გასაბერ თოჯინაზე საცოდავი. ალბათ, დღეების შემდეგ, როცა ეს ჩანაწერი უამრავ კორექციას გაივლის, გაცილებით მეტს დავწერ ჟანის შესახებ. შარვაშიძე კი, გრძელი, თეთრი ხელის მტევნებით ნელა ახრჩობს ჟანს, სისხლის ბოლო წვეთამდე გამოწურავს და დაღეჭილს გიგდებს წინ.

და ბოლოს, კალატოზიშვილი - ფრეკენ ჟული. შენს თვალწინ არ არსებობს კალატოზიშვილი, არის მხოლოდ ფრეკენ ჟული. და რა მძაფრია! ძალიან, ძალიან მძაფრია კალატოზიშვილის ფრეკენ ჟული. მისი ერთი გამოხედვაც კი ბოლომდე გიმორჩილებს. არ არსებობს არც ერთი სხვა ადგილი ამ პლანეტაზე, სადაც ყოფნა ღირს მაშინ, როცა ჟული ცეკვავს, დარბის, ტირის, ითხოვს, იბრძვის, ამცირებს. კატოს ფრეკენ ჟული არის სვეტიდან გადმოვარდნილი, იმ გააფთრებული მხეცის ბრძოლა გადარჩენისთვის, რომელსაც მიწა ისრუტავს.

და შენც ხვდები, რომ სიტყვები არ მყოფნის. ბოლოსთვის კი იმიტომ დავიტოვე, რომ ყველაზე რთული იყო და არა იმიტომ, რომ "პირველნი იქნებიან უკანასკნელნი". მე მზად ვარ მოვკვდე ფრეკენ ჟულისთან ერთად, ტბასთან, ფორთოხლების ჩრდილში, იქ, სადაც ყოველთვის ზაფხულია. და ეს არ იქნებოდა უბრალო თვითმკვლელობა, არამედ, მკვლელობა ფრეკენ ჟულის ხათრით.

Mendelssohn - Violin Concerto In E Minor Op. 64, 1. Allegro Molto Appassionato

პირველი საათია. თვალები უფრთხიან ეკრანს.

ყველაფერი სიზმარია. და მე სიზმრებზე ვლაპარაკობ.


No comments:

Post a Comment

Followers

Blog Archive