პირველი ნაწილი
არც ვიცი როგორ დავიწყო ამ ჩანაწერის წერა. ამიტომ დავიწყებ მთავარით.
"ტკივილი არის ახალგაზრდობა"
პიესის ავტორი: Ferdinand Bruckner
რეჟისორი: დათა თავაძე
თარგმანი: დავით გაბუნია
2015 წლის დეკემბერი დამამახსოვრდება სამეფო უბნის თეატრით, ისევე, როგორც 2014 წლის აგვისტო ეკუთვნოდა ჩაიკოვსკის პირველ საფორტეპიანო კონცერტს.
ნელ-ნელა თბილისშიც აცივდა. სოლოლაკში ბევრი მანქანა აღარ დადის. ლანჩზე გასვლა სულ უფრო და უფრო ნაკლებად განსაკუთრებულია ხოლმე.
აჯილდოვებენ ქუჩები კაცებს
ფილტვებისა და ყელის ანთებით.
და მიცოცავენ გაყინულ ცაზე
ღრუბლები, როგორც თაგვის თათები.
სპექტაკლი არის 7 ახალგაზრდას შესახებ. 3 მათგანი ბიჭია, დანარჩენი 4 - გოგო. და ერთი ოქროს თევზი.
პირველი ბიჭი: გოგრიჭიანი. ფრედერი - საკუთარი თავით მოხიბლული და, ალბათ, სადღაც სიღრმეში, უინტერესო ყოველდღიურობით გაღიზიანებული მანიპულატორი, რომელიც ერთი თითის მოსმით ახერხებს გარდაქმნას პატარა და მორჩილი მსახური გოგო ქუჩის ბოზად. და ეს მოწყენილი, ადამიანებით მოთამაშე ბიჭუნა, სპექტაკლის ბოლოს ზღვის გოჭივით შეექცევა დაქუცმაცებულ კომბოსტოს. გოგრიჭიანი ცხადად, მკაფიოდ და პირნათლად, სრული უბრალოებით ასრულებს ამ როლს, ზედმეტი მიმიკების და შიზოიდი ნაოჭების გარეშე. ფრედერი კი ცივია და დამცინავი, მოქმედი და ენერგიით სავსე. ბუნებრიობა არის ახალგაზრდობა.
მეორე ბიჭი: შარვაშიძე. პეტრელი - აღფთოვანებული, ჰაერში შემხტარი ცუგო ცანცარებს დედიკოს წინ და, ალბათ, ჩვენსავით სხვა ადამიანებში ეძებს ბედნიერებას. შარვაშიძის ნახევარმთვარიანი გამოხედვები ხანდახან გაიძულებს სცადო და პატივი სცე მის პერსონაჟს. მაგრამ მეორე წამს ისევ ცუგოდ იქცევა ეგ ქლიავი პეტრელი და ისევ პირწმინდად გეზიზღება. პიესა რომ წამეკითხა პირველად, ალბათ, უფრო ფუმფულა, თეთრი ხორცით ამოფუებული მეგონებოდა შარვაშიძის გმირი. „გადავიფიქრე“ არის ახალგაზრდობა.
მესამე ბიჭი: ინაური. ინაურის პერსონაჟი, ალტი, ალბათ, ყველაზე უცნაურია, ხანდახან ეჭვი გეპარება მართლა არსებობს, თუ სხვა პერსონაჟების წარმოსახვის ნაყოფია. სწორედ ის ალაგებს ოთახს, ყვება თუ როგორ გაათავისუფლა პატარა ავადმყოფი სიცოცხლისგან, აკვარიუმში იჭერს ზარმაც თევზს და ჭიქით ინახავს განჯინაში, პირში საკუთარწინდებჩაჩრილი დააბიჟებს ჯარისკაცული შემართებით და, რა თქმა უნდა, გვიხსნის როგორ მარტივად შეიძლება სიკვდილის პროლოგად აქციო ძილი. ინაური ისეთივეა, როგორიც ადრე, თავდაჯერებული და ყოველთვის რეალური. ალბათ, სცენის მიღმა იმაზე ცოტას ლაპარაკობს, ვიდრე სხვები. და ამიტომაც ღრმად ახერხებს რეალობის აღქმას. როცა ინაური ლაპარაკობს, გგონია, რომ რაც არ უნდა მოხდეს, მაინც ბოლომდე იტყვის სათქმელს. და ეს ძალიან კარგია, მით უმეტეს მაშინ, როცა ყოყმანი, ეჭვი და მოულოდნელობა არის ახალგაზრდობა.
სიცოცხლითა და თოვლით გართული
ბიჭები დაფას აკრავენ ხეზე.
და დაფის გვერდით იცდის მავთული,
რომელიც მკაცრად იცავდა წესებს.
მეორე გოგო: მაისაშვილი. ირენე ძალიან ჰგავს ისეთ გოგოს, სანამ ხელზე ხელს დაადებ ბევრი რამ რომ უნდა აწონ-დაწონო. ცდილობს საკუთარი უუნარობა და გაუბედაობა, ზიზღითა და დაცინვით დამალოს. აი, ზუსტად ისეთი ტიპია, საღამოს, დღისით განცდილ კამათს რომ იხსენებენ და თავს საყვედურობენ, ეს ასე კი არა, სხვანაირად უნდა მეთქვა იმ ძუკნასთვის, უფრო მწარედ მოხვდებოდა გულზეო. და მერე ცდილობენ მომავალი კამათის გეგმები დააწყონ და რაც შეიძლება მეტი სცენარი გაიარონ გონებაში, რომ მობილიზებული ჰქონდეთ გესლნარევი ფრაზეოლოგიის მარაგი. მაისაშვილი ნამდვილად კარგია, თვალსა და ხელ შუა იცვლება კოცნამდელი ირენე და ირენე კოცნის შემდეგ. და არ გამორგჩეთ თმით-დაბმული ირენეც, გროტესკული სილაჩრით რომ მზადაა დათმოს თბილი საცვლები სხვა თუ არაფერი, ეგზოტიკური მოგონების სანაცვლოდ მაინც. ნამდვილად კარგი მსახიობია მაისაშვილი. ძალიან კარგი! არასრულფასოვნება არის ახალგაზრდობა.
მესამე გოგო: ლებანიძე. ლებანიძით ჩემი აღფრთოვანების შესახებ ისედაც ცნობილია. ამიტომ, ბევრს არ დავწერ მაგდას შესახებ. ვწერ მის პერსონაჟ, ლუსიზე. ლუსი მორჩილი მოახლეა. არა წესების, არამედ, ვნებების მორჩილი გოგო. მე კოჭლობა არ შემიმჩნევია, თუმცა, დეზი გაიძვერული თავდაჯერებით აეჭვებს მაყურებელს და მართლაც, ლუსი ფრედერის ერთ-ერთი მსხვერპლია. ჯერ ქურდობს. მერე იჯერებს, რომ საკუთარი ნებით იქურდა. მერე შიშით ემორჩილება მაკიაჟის გარდაუვალობას. დურგალი მამა, ფრედერიც და მღებავი საქმროც ყველა სინამდვილეში ლუსის მამაა. ლუსიმ „დამიჯერე თორემ გეტკინება“-ს დაღი დაისვა და მიუხედავად წარმოუდგენელი, ბოზური თავისუფლებისა მაინც „დამჯერ“ გოგოდ დარჩა. კარადის გვერდით, მოცუცქნული ლებანიძის თეთრი სახე ახალშობილ ბარტყს ჰგავს. მაგდას აქვს უნარი იყოს სრულიად ღია და სრულიად ამოუცნობი. მთვარეს ჰგავს, რომელსაც ყველა ხედავს, და რომლის გაგებაც შეუძლებელია. მორჩილება არის ახალგაზრდობა.
მეოთხე გოგო: კალატოზიშვილი. დეზირე მრავალფეროვნებით არსებობს. 17 წლის ასაკში, გრაფის სახლიდან გამოქცეული მდიდარი დეზი სწვლობს მედიცინას ყველა სხვის მსგავსად. მას ვერ იტანენ, ეზიზღებათ და გასაკვირი არცაა, იმიტომ, რომ მისი უბრალოდ შურთ. დეზის შეუძლია თითის გულზე ატრიალოს ყველა, მაგრამ ყველა ფეხებზე ჰკიდია, გარდა ერთისა. მას უმცროსი დასავით უყვარს მარი. და როცა ხმამაღლა იხსენებს დის სხეულის სითბოს ჩემთვისაც წარმოუდგენლად ცხადი ხდება დეზის სიმართლე. დეზი ერთადერთია ვინც ცოცხალია, ბოლომდე ცოცხალი! კალატოზიშვილის შარმი განუყოფელია დეზისგან. ვერც წარმომიდგენია ნებისმიერი სხვა მსახიობის მიერ განსახიერებული დეზი. დრამატურგი რომ ვიყო, სპეციალურად კალატოზიშვილისთვის დავწერდი პიესას, სადაც კატო იქნებოდა Gertrude Stein. და ის იქნებოდა გენიალური! ქცევის მრავალფეროვნება არის ახალგაზრდობა.
პირველი გოგო: კახიძე! როცა კახიძე თამაშობს მარის, ის არის საუკეთესო რამ, რაც დედამიწაზე იმ წამებში ხდება. ეპიზოდები, სცენები, ფრაზები და წინადადებები ერთმანეთს არ აცლიან არსებობას, როცა ვიხსენებ კახიძის მარის. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი შესრულება, რაც ოდესმე მინახავს (თუმცა, ბევრი არაფერი მინახავს, ამიტომ...). მარი უნდა ნახოთ, იმიტომ, რომ მარი, დღეს საღამოს, ვიყავი მე. და ჩემ მსგავსად, ალბათ, იყო რამდენიმე სხვაც. წვეთები ღაპაღუპით სცვივა იატაკის საწმენდ ტილოს, მარი მექანიკური თოჯინაა, მარის მიატოვებენ, მარი უყვართ, მარი ჰბეზრდებათ და მერე ისევ უყვართ, აკვარიუმის მინა შიგნიდან იორთქლება, გამხდარი ხელები და დიდი თვალები, კოცნით გაოცებული სახე, თეთრი ფარფატა კაბა, მაგიდაზე დადებული გასაღები... ცხოვრებაში პირველად მომინდა გულწრფელად მეყვირა „ბრავო“ როცა ტაშს ვუკრავდით კახიძეს. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ პირველ რიგში ვიჯექი, არ ღირდა დაღლილი მსახიობის შეშინება. ამიტომ ვიღიმოდი ჩემდაუნებურად და ვფიქრობდი რომ კიდევ ბევრჯერ, რაც შეიძლება ბევრჯერ უნდა ვნახო სპექტაკლი, თუნდაც, მხოლოდ კახიძის მარის გამო. იმიტომ რომ, ყველაზე მეტად, ზუსტად ტკივილი არის ახალგაზრდობა.
დადის ყინვა და ეამაყება
ფანჯრის კუთხესთან თეთრი მაქმანი.
და სოლოლაკის ძველმა სახლებმა
ჩამოიქერცლეს გამხმარი კანი.
P.S. შარვაშიძე, გილოცავ დაბადების დღეს. მართალია, უკვე 30 დეკემბერია, მაგრამ, როცა წერა დავიწყე, ჯერ კიდევ 29 იყო.
კახიძე, ბრა-ვო!
____________________________________________________________
მეორე ნაწილი
https://www.youtube.com/watch?v=zDEem_aEttE
სიტყვებს მეტი სიფრთხილით ვარჩევთ. ხმა ისაა, ვინც - შენ. შენი სუნიც ისევ შენია.
ზიხარ და აკვირდები დეტალებს, როგორც ღამით - სიბნელეს, ძველ სახლებს შორის. და ფიქრობ რომ ნაჭრის თეთრი ნაოჭი, ეს ერთჯერადი მზერა, გაუცნობიერებელი თანმიმდევრობა და შავი ფეხსაცმელი მხოლოდ ეხლა არსებობს. და რომ არც ერთი მათგანი, როგორც კი სცენაზე ფეხს შედგამ, შენ აღარ გეკუთვნის. გიყურებენ და გაკვირდებიან ყოველი მხრიდან. გისმენენ და ადამიანები, რომლებსაც საკუთარი სიცოცხლით მოგვბეზრდა არსებობა, ვერთობით შენს სიცოცხლეზე, მარი.
ჩემ უკან ზის ქალი, რომელიც ყველაფერში დანიშნულებას ეძებს. "ის ქრსიტე იყო? მხოლოდ სველზე რომ დადიოდა..." "ზარის დანიშნულება მაინც ვერ გავიგე..." "ერთი ფალშივკა არ გაჰპარვია"... - ზუსტად თავაძის ბრალია. ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ ისედაც ალბათობითა და არამყარი მიზეზ-შედეგობრივი ხასიათით გაჟღენთილ სამყაროში ყოველთვის მკაფიო განცხადებებს საჭიროებენ. ("ეხლა უნდა გაგეცინოთ!" "მერე უნდა შეგეშინდეთ!" "ეხლა უნდა თქვათ: ვაი, ვაი, საწყალი!" "ეხლა ადექით, მოიხარეთ წელში და დაწკეპილი ცხვირი ეცადეთ ზუსტად დაუმიზნოთ თქვენ წინ მდგომი და ასევე წელში მოხრილი გოგონას კაპუჩინო-დუნდულების პიკანტურ გზაგასაყარს!") და როცა კითხვა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე - პასუხი, მაშინ ვიწყებთ დანიშნულების ძებნის აზარტულ თამაშებს. თავაძის დამსახურებაა ზუსტად! და იმედია, ემოციური შოკი იმდენად დიდი იყო, რომ ზანზალაკის მისიის ამოცნობა უკანა გზაზე მაინც არ გაახსენდება მყარ აზრებში ჩაჭედილ მაყურებლის კრეტინ ტვინს.
კიდევ არიან სხვები. დარბაზი ცოცხალი არსებაა, არაპროპორციული, უშნო და მყრალი. ჭაობის კაციჭამია დინოზავრია დარბაზი. და მე რომ არ ვიყო მისი ნაწილი... დღეს დავფიქრდი, ნეტა, საზიზღარი ადამიანები თუ აცნობიერებენ რამდენად დიდი ზიზღია მათში. იციან ბოროტებმა, რომ ბოროტები არიან?
ლუსის უკანმოუხედავი, ფარფატა ფლირტი ისაა, რასაც ყველგან იპოვი. განჯინის გვერდით, ჭუჭყიანი ტილოსავით მიხვეტილს, ხელში რადიოთი, ერთადერთი მზერა ეკუთვნის. ლუსი ყველა ჩვენგანია: სხვით-შთაგონებული, ფერმკრთალი, მაძიებელი, მარტოსული, თანახმა... არც ჩვენ ვარჩევთ საყვარლებს, სიყვარულს, მეგობრებს, ძმებს, დებს, მამას. ჩვენც შეუმჩნევლები ვართ, ოღონდ, ჩვენზე ზურგს უკანაც არავინ ლაპარაკობს. ლუსის მარტოობა.
დანარჩენებზე ვერაფერს ვამბობ. მაისაშვილს მოკლე თმა აქვს. პირველ რიგში იმაზე ვფიქრობ, როგორ ჩაკეტავენ უჯრაში ასეთი მოკლე თმით. შარვაშიძეს ღია კრემისფერი წინდები, რაწმუნებული ვარ, ხელს თუ მოკიდებ, დენს დაგარტყამს (და ეს არ არის ერთადერთი მიზეზი, რატომაც სხვის წინდებთან თამაშისგან თავი უნდა შეიკავოთ). გოგრიჭიანზე უკან მჯდომმა ქალმა თქვა "ტიფლისში" უფრო ეფექტური იყოო. მე არ მიყურებია, არ ვიცი. თუმცა, დიდი სიამოვნებით გამოვაცხადებდი ამ ქალს კუდიანად, შუა საუკუნეები რომ იყოს (კოცონზე დაწვის მიზნით). კიდევ, შუა საუკუნეები რომ იყოს, დარწმუნებული ვარ, 5 წლის ასაკში მიკბენდა მამაჩემის გაიძვერა ღორი და ტეტანუსით მოვკვდებოდი. ასე რომ, მაგრად გამიმართლა კიბოთი სიკვდილი რო არ ამცდება 21-ე საკუნეში. ინაური ბეჯითი და პასუხისმგებლობით დახუნძლული მსახიობია. დღეს ხელით დაიჭირა წითელი თევზი. აქვე მიჩნდება კითხვა, რამდენად ხშირად სჭირდებათ ახალი თევზის ყიდვა და ითვლება თუ არა ის სპექტაკლის რეკვიზიტად. თუ, მოწვეული მსახიობია? კალატოზიშვილი ხანდახან ცვილის თოჯინას ჰგავს, რომელსაც მხრებში უხილავი სადენებით ადამიანური ემოციის ვირუსი შეუყვანეს. (მეც 17-ს ვიყავი გაქცევა რომ გადავწყვიტე. 19-მდე არაფერი გამომივიდა.) ლებანიძე ლებანიძეა, მბრუნავი ვერცხლისფერი ბურთულა, გაჟღენთილი ყოფნის კანონზომიერებით და მშვიდი სიღრმით. კახიძე კი, იმაზე რთულია, ვიდრე მარი. დიდი, ფრთხილი თვალებით, მალებით ამოზრდილი კისრითა და არისტოკრატული სიფითრით სავსე სირინოზს ჰგავს.
ბილეთს დილით ვყიდულობ. გარეთ მზეა და თბილა. ვსეირნობ და ვუსმენ ლისტს, რომელიც ერთი შეხედვით, მამაჩემია. მივდივარ ნახევარი საათით ადრე. ვიცდი მეორე შესასვლელთან და ვიცნობ უკრაინელ გოგოს, ვისთვისაც ბნ. დავით მთელი 2 საათის განმავლობაში გულმოდგინედ აჭერდა თითს "Enter"-ს. გოგო იოგას ასწავლის მარჯანიშვილზე. ქართულს სწავლობს. უკრაინული, რუსული, პოლონური, გერმანული და ინგლისური უკვე იცის. მე ვუყვები თეატრის შესახებ და ვეკითხები ვინ მოასწავლა ჩვენი (?!) გზა. ნაცნობი ლაპარაკობდა და აქედან ვიციო. მერე ვუყვები სპექტაკლის შესახებ. ვეუბნები, წინ დაჯექი-მეთქი. ჩვენ-ჩვენს ადგილს ორივე ვპოულობთ. მე პირველ რიგში ვარ და ველოდები, როდის დაიწყებს კახიძის თეთრი ხელები ნაცრისფერი ტილოს ნელა აწევას. ჩააგდებს წყალში. წვეთები სათითაოდ სცვივა ტილოს და კახიძის ხელები ოდნავ ვარდისფერდება.
გამოვდივარ. ისევ ვუსმენ ლისტს. ლისტი ჩემი საყვარელია.
ხელზე ხელები მოგკიდე უცებ.
ჰაერმა ნელა იგრძნო შეკუმშვა.
სიცხის თითები დაეტყო მუცელს,
სიცოცხლე ისე ღრმად შემოუშვა.
კაპილარებმა დაკაწრეს ვენა.
ხმები არაფერს ტოვებენ უცვლელს.
როგორც ფრინველის ფრეთები საფრენად,
ისე გაშალე თითები უცებ.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
Followers
About Me
Blog Archive
- Jul 03 (1)
- Jun 20 (1)
- Jun 24 (5)
- Feb 10 (3)
- Nov 01 (1)
- Oct 28 (1)
- Sep 18 (2)
- Aug 26 (2)
- Jul 08 (1)
- May 25 (1)
- May 08 (2)
- Apr 14 (2)
- Feb 05 (1)
- Jan 18 (1)
- Dec 22 (2)
- Nov 01 (1)
- Aug 22 (1)
- Aug 21 (3)
- Jun 07 (1)
- May 05 (1)
- Apr 19 (1)
- Mar 21 (1)
- Mar 20 (2)
- Feb 13 (3)
- Feb 06 (1)
- Feb 02 (5)
- Jan 16 (1)
- Dec 28 (7)
- Dec 16 (1)
- Dec 10 (1)
- Nov 24 (1)
- Nov 22 (1)
- Nov 16 (1)
- Nov 14 (1)
- Oct 31 (1)
- Oct 29 (1)
- Oct 21 (1)
- Oct 17 (1)
- Oct 11 (1)
- Sep 30 (1)
- Sep 12 (1)
- Aug 02 (5)
- Jul 30 (1)
- Jul 18 (1)
- Jul 06 (1)
- Jun 23 (1)
- May 25 (1)
- May 20 (1)
- May 19 (1)
- May 06 (1)
- May 05 (1)
- May 02 (3)
- Apr 22 (1)
- Apr 12 (1)
- Apr 07 (1)
- Apr 06 (2)
- Apr 03 (2)
- Apr 02 (2)
- Mar 28 (1)
- Mar 25 (1)
- Mar 19 (1)
- Mar 10 (1)
- Feb 18 (2)
- Feb 11 (1)
- Feb 10 (1)
- Feb 09 (1)
- Feb 01 (2)
- Jan 28 (2)
- Jan 15 (1)
- Jan 07 (1)
- Jan 01 (1)
- Dec 15 (2)
- Dec 13 (1)
- Dec 06 (1)
- Nov 15 (1)
- Nov 05 (1)
- Sep 27 (2)
- Sep 23 (2)
- Sep 20 (1)
- Sep 18 (1)
- Aug 29 (1)
- Aug 23 (1)
- Aug 11 (1)
- Aug 03 (1)
- Jul 21 (2)
- Jul 18 (3)
- Jul 15 (1)
- Jun 09 (2)
- Jun 08 (1)
- Jun 03 (1)
- May 28 (1)
- May 23 (1)
- May 16 (1)
- May 05 (1)
- Apr 14 (4)
- Apr 06 (1)
- Apr 04 (1)
- Mar 21 (1)
- Mar 20 (2)
- Mar 14 (2)
- Mar 13 (1)
- Mar 12 (2)
- Mar 10 (1)
- Mar 03 (1)
- Mar 01 (1)
- Feb 25 (1)
- Feb 14 (1)
- Feb 04 (1)
- Jan 31 (1)
- Jan 28 (1)
- Jan 17 (2)
- Jan 10 (2)
- Jan 04 (1)
- Dec 28 (1)
- Dec 25 (1)
- Dec 24 (1)
- Dec 07 (1)
- Nov 21 (1)
- Nov 03 (1)
- Nov 01 (1)
- Oct 28 (1)
- Oct 22 (2)
- Oct 10 (1)
- Oct 08 (1)
- Oct 05 (1)
- Sep 29 (1)
- Sep 20 (1)
- Sep 14 (1)
- Aug 24 (1)
- Jul 20 (6)
- Jul 09 (16)
- Jul 02 (1)
- Jun 30 (1)
- Jun 26 (1)
- May 24 (1)
- Nov 20 (1)
- Oct 30 (1)
- Oct 01 (1)
- Sep 24 (1)
- Jul 27 (1)
- Jun 28 (1)
- May 25 (1)
- Apr 09 (1)
- Jan 26 (1)
- Dec 29 (1)
- Dec 27 (1)
- Dec 22 (1)
- Nov 16 (1)
- Oct 31 (1)
- Feb 08 (1)
- Aug 16 (1)
- Jun 12 (1)
- Nov 06 (1)
- Oct 09 (1)
- Aug 24 (1)
- Jun 07 (1)
- Dec 21 (1)
No comments:
Post a Comment