I loves you, Porgy.

I loves you, Porgy.

I-ს უყვარს ბევრი ვინმე, ბევრი რამ, მაგრამ განსაკუთრებით უყვარს Porgy და დღეს, უფრო განსაკუთრებით, უფრო უყვარს ნინას Porgy.

ეს წერილი ეხება სიმღერას "I loves you, Porgy".

ნინას შესრულებით: http://www.youtube.com/watch?v=ETIPuORrPyo

თუ პირველად უსმენ ამ სიმღერას, სჯობს პირველი მოსმენით ნინას მოუსმინო.


მე არც მახსოვს პირველად როდის მოვისმინე, ან ვისი შესრულებით. ალბათ, იმიტომ, რომ ეს ისეთი სიმღერაა, თავიდანვე რომ არ გამახსოვრდება. სადღაც შიგნით შედის, გონების ღრმა ნაწილში და მერე არ გასვენებს, ვერც ხვდები ვინ არის, რა უნდა, რატომ არ გასვენებს. Porgy სხვანაირია, ჩუმი და მოუსვენარი, უძრავი და მაინც მოუსვენარი, პარადოქსია, მაგრამ ასეთია Porgy.

არ შემიძლია სიმღერაზე ბევრი რამის წერა, რადგან, არ მესმის იმდენად კარგად მუსიკა, რომ მასზე ვიმსჯელო ხმამაღლა. ამიტომაც არ ვკამათობ პოლიტიკაზეც. და ეს წერილი უბრალოდ მოგაწვდით სიმღერის ბმულებს და მოკლედ მოგიყვებათ იმ ისტორიას, რაც ამ კომპოზიციის მიღმაა.

George Gershwin-მა 1935 წელს, ამერიკას პირველად მოასმენინა კომპოზიცია Porgy, ოპერადან "Porgy and Bess" (Gershwin-ს ეკუთვნის ასევე "An American in Paris", "Rhapsody in Blue", ორივე საოცარია). Ira Gershwin-მა (Israel Gershowitz), ჯორჯის უფროსმა ძმამ კი შექმნა სიმღერის ტექსტი, მარტო სიმღერის კი არა, მთელი ოპერის. აი ამ ოპერის სატელევიზიო ჩანაწერი: http://www.youtube.com/watch?v=65TNhnTirP4 (თუ ჯერ კიდევ ნინას უსმენ, დაელოდე სანამ ნინა დაასრულებს, და მერე მოუსმინე ამ ბმულს).

თავად Porgy-სა და Bess-ის ისტორია მოდის DuBose Heyward-ის რომანიდან, რომელიც ა1925 წელს გამოქვეყნდა, 2 წელიწადში კი სპექტაკლის სცენარად გადააკეთა DuBose-ს ცოლმა, Dorothy-მ და სპექტაკლს უწოდა "Porgy". რომანი გვიყვება Porgy-ს ისტორიას, რომელიც 1920-იან წლებში, ამერიკაში, ჩარლსტონში ქუჩაში მათხოვრობით ირჩენს თავს. წიგნს, სამწუხაროდ ვერ ვშოულობ. ჩვენი ბიბლიოთეკა ინგლისურენოვანი ლიტერატურით ვერ გვანებივრებს, amazon-ზე კი მხოლოდ Kindle-ის ელ-გამოცემაა.

Porgy შემდეგ შეასრულეს Nina Simone-მა, Billie Holiday-იმ, Bill Evans-მა, Whitney Houston-მა, Barbra Streisand-მა, Lara Fabian-მა და Christina Aguilera-მაც.

ყველა განსაკუთრებულად და განსხვავებულად ასრულებს ამ კომპოზიციას.

მე განსაკუთრებით, ნინას Porgy მომწონს: უბრალოდ ჩაცმული, შუახნის, სპონტანური, ძლიერი, გონიერი, დინჯი და მშვიდი Porgy. მაიინც ეტყობა შავ კისერზე სიცოცხლის ძარღვი. გაუნძრევლად დგას და გიყურებს, გაკვირდება და გიმახსოვრებს და შენზე ფიქრობს.

ბილის Porgy დაღლილი, კეთილი და მომღიმარი ბიჭია. ხან ბიჭია, ხან კაცია, ხან - ბავშვი. დადის ასე დროში და ხან ვის გახსენებს, ხან - ვის, ხან შენი უმცროსი ძმაა, ხან - ბაბუა, ხანაც არავინაა შენ გარდა და შენ ხარ თავად Porgy. ხან სკამზე ზის, ხან ბოლთას სცემს. (http://www.youtube.com/watch?v=26HSGMUh-3U)

მისტერ ევანსის Porgy-ს მძიმე ნაბიჯები აქვს, აწუხებს რაღაც და მაინც, ხანდახან როცა დაიღლება ამდენი ფიქრით, აიქნევს ერთ ფეხს, გადახტება, ან გაჩერდება, ან ძალიან დიდ ნაბიჯს გადადგამს, წაიცეკვებს, გაიღიმებს. დაფიქრდება. ისევ დასერიოზულდება და დადგება ცოტა ხნით ერთ ადგილას. მერე გადაწყვეტს სულაც დაიკიდოს საფიქრალი. ასე უფრო ადვილიაო და ისევ ჯერ კარგად დაეყრდნობა მარცხენა ფეხს. მუხლთან ოდნავ მოხრის. ისევ გადახტება და უკვე ოთახის მეორე ბოლოშია. აღებს კარებს. ხურავს. ისევ აღებს. ხურავს. და ასე იმეორებს. თან გიყურებს, გამომწვევად გიღიმის. გიწვევს. აჩეჩილი, უხეში თმა აქვს და მაინც, რაღაც სტილი, დაუდევრული, სპონტანური და ბუნებრივი. და საერთოდაც, სამი სხვადასხვა Porgy-ა მისტერ ევანსის Porgy. (http://www.youtube.com/watch?v=0Yr4oYyDHn0)

უიტნის Porgy, მართლა Porgy-ა, ისეთი, როგორიც სახელი აქვს, მაღალი, გამხდარი (შიმშილით), შავკანიანი, მეოცნებე, მაღალმზერამიმართული. კაცია. დახვეწილი და მაღალი საზოგადოების არისტოკრატი კაცია, რომელიც სულაც არ ამაყობს ამ სტატუსით, უბრალოდ, ასეთია, და ამიტომაა მიმზიდველი. ძლიერი თითებით საქსაფონისტს ჰგავს. მოკლე თმაზე - პატარა, შავი ცილინდრი, მარტო სცენისთვის, ისე ცილინდრს არ ატარებს, მაგრამ სცენაზე მაინც კარგად გრძნობს თავს, კარგად ირგებს ქუდსაც, თითქმის სულ ჩაბნელებულ დარბაზსაც, ნათურასაც, მას რომ მისჩერებია და როცა მომღერალი გადმოხედავს, Porgy ოდნავშესამჩნევად უღიმის. მომღერალი კი, გათამამებული Porgy-ს ღიმილით, მთლიანად ენდობა Porgy-ს, მიჰყვება Porgy-ს, იმიტომ, რომ ჯენტლმენია Porgy, კეთილი და ძლიერი კაცი. თავად სერ Porgy-მ კი იცის, რომ სცენაზე, რამდენნიაც არ უნდა იდგნენ, მაინც დუეტი იქნება: მომღერლის და Porgy-ს. (http://www.youtube.com/watch?v=QU7gI_uaTWE)

ბარბარას Porgy-ს არ ვიცნობ, არაფერს გეტყვით მის შესახებ.

ლარას Porgy ემოციური, ძალიან ძლიერხელებიანი 30-მდე წლის კაცია. მუქი ლურჯი თვალები აქვს, მზისგან მუქი კანი. შავი, უკან გადავარცხნილი თმა. იშვიათად ცეკვავს, მაგრამ თუ -, კარგად -. და როცა გათვალიერებს, სხვანაირად გათვალიერებს, დაჟინებით, ისე, რომ თავი მნიშვნელოვანი და საინტერესო გგონია და გეღიმება. იცის რომ გეღიმება. სახეზე არ გიყურებს, მაგრამ ამჩნევს, იცის და მაინც ისევ გათვალიერებს. მერე თვალს თვალში გიყრის. და არაფერს აკეთებს ზედაპირულად. და გეამაყება, რომ Porgy შენია, და შენ მისი ხარ. (http://www.youtube.com/watch?v=Rx7hblPvPpk)

Aguilera-ს Porgy, დამოუკიდებელია, თავისუფალი, ხანდახან შეიძლება თავხედივით პოხუისტიც, მაგრამ მაინც Porgy-ა და შენ მაინც ენდობი, მაინც მოგწონს როცა ხედავ, მაინც გიზიდავს და ხანდახან შეიძლება ბრაზობდე კიდეც, მაგრამ გადაგივლის, იცი რომ გადაგივლის. შეიძლება გაგაგიჟოს კიდეც უყურადღებობით, მაგრამ, იცი რომ ფარსია ეგ უყურადღებობაც, თამაშია და მაინც შენი Porgy-ა. (http://www.youtube.com/watch?feature=endscreen&v=eoLJL7Odt0o&NR=1)

ასეთი სხვადასხვაა ყველა Porgy.

მე კი მაინც მაგარი მგონია ნინას Black American Porgy.


No comments:

Post a Comment

Followers

Blog Archive